„ტორპედომ“ „რუსთავს“ ბოლო წუთებზე მოუგო (ვიდეო)

ქუთაისის „რამაზ შენგელიაზე“ ეროვნული ლიგის მე-11 ტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა – „ტორპედომ“ სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტს, „რუსთავს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ანგარიში მე-11 წუთზე სტუმრებმა ბათრაზ ხადარცევის გოლით გახსნეს. მაგრამ მთავარია, არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმა 27-3 წუთზე „რუსთავის“ მცველს, ტარას ცარიკაევს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა და სტუმრები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ.

ქუთაისელები რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებას ცდილობდნენ. თუმცა, ეს მხოლოდ 72-ე წუთზე მოახერხეს: თორნიკე კაპანაძის დარტყმული ბურთი ლევან გეგეჩკორმა კარიდან ხელით გამოიტანა, მსაჯმა კი პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი კუხიანიძემ ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა 1:1.

87-ე წუთზე კი ლევან კუტალიამ სტუმართა კარში გადამწყვეტი გოლი გაიტანა და „ტორპედომ“ 2:1 გაიმარჯვა. „ტორპედომ“ 17 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე დაწინაურდა და „რუსთავი“ 3 ქულით ჩამოიტოვა.