საქართველოს საფეხბურთო ლიგის ჩემპიონ გუნდში უმცროსი მერაბ მეგრელაძე ითამაშებს. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, 18 წლის თავდამსხმელს „ტორპედომ“ პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმეს.
ქუთაისელთა თავდამსხმელი „ტორპედოს“ ლეგენდარული ფეხბურთელის, მერაბ მეგრელაძის შვილიშვილია, რომელსაც ეკუთვნის ეროვნული ჩემპიონატის რეკორდი – 1992/93 სეზონში წყალტუბოს „სამგურალის“ ფორმით 41 გოლი გაიტანა. ის ბომბარდირი შემდეგ (1993-1994) ჩემპიონატშიც გახდა – თუმცა, მაშინ უკვე ზესტაფონის „მარგვეთში“ თამაშობდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელის მამა, გია მეგრელაძეც ფეხბურთელი იყო და ისიც „ტორპედოში“ თამაშობდა. გია მეგრელაძეც საუკეთესო ბომბარდირებში ხვდებოდა, თუმცა პირველობას ვერ შეწვდა.
საინტერესოა, რომ ორივეს – მერაბ და გია მეგრელაძეებს საქართველოს ჩემპიონატებში 100 გოლზე მეტი აქვთ გატანილი და საქართველოს „ასიანთა კლუბის“ წევრები არიან, რაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში იშვიათი ფაქტია.