„ტორპედომ" ისევ მოიგო - ქუთაისელები ბოლოს 255 დღის წინ დამარცხდნენ
„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ დღეს მეორე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. სათამაშო დღე ანგისას სპორტულ კომპლექსში გამართული მატჩით დასრულდა – ბათუმის „დინამომ” ქუთაისის „ტორპედოს” უმასპინძლა და დამარცხა.
მე-17 წუთზე ანგარიში კუთხურის გათამაშების შემდეგ ქუთაისელთა ლეგიონერმა ოლეკსანდრ აზაცკიმ თავური დარტყმით გახსნა 0:1. ტაიმის მიწურულს კი ბუდუ ზივზივაძემ გრიგოლ დოლიძის ფლანგური გადაცემა გოლად აქცია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2 „ტორპედოს” სასარგებლოდ.
ქუთაისელებმა მიმდინარე სეზონში ორივე შეხვედრა მოიგეს და „საბურთალოსთან” ერთად გათამაშებას ლიდერობენ. ლიგაში დაბრუნებულმა ბათუმელებმა კი, ორივე დაპირისპირება წააგეს.
აღსანიშნავია, რომ ზედიზედ 27 შეხვედრაა, ქუთაისელები ეროვნულ სარბიელზე წაუგებლად თამაშობენ. ბოლოს გუნდი 8 თვის წინ დამარცხდა. კახა ჩხეტიანის შეგირდები 255 დღის წინ, გასული წლის 23 ივნისს მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოსთან” დამარცხდნენ.
პირველ სათამაშო დღეს გამართული ორივე შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა: მიხეილ მესხის სტადიონზე „ლოკომოტივი” „საბურთალოსთან” 1:3 დამარცხდა.
მეორე ტურის დარჩენილი სამი მატჩი 6 მარტს გაიმართება. „რუსთავი” „ვიტ ჯორჯიას” სფფ-ს რუსთავის ტექნიკურ ცენტრში უმასპინძლებს (18:00), ხოლო საჩხერეს „ჩიხურა” „მიხეილ მესხზე” გორის „დილას” (20:00) მიიღებს. საჩხერელები ივან წმინდას სტადიონზე საფარის ცუდი მდგომარეობის გამო ვერ ითამაშებენ და დროებით საშინაო შეხვედრებს თბილისში გამართავენ.
ტურის ცენტრალურ შეხვედრას ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის განახლებული არენა უმასპინძლებს, სადაც „სიონი” თბილისის „დინამოს” დაუპირისპირდება. ბოლნისიდან შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი 16:00 საათზე შემოგთავაზებთ.