ქუთაისის „ტორპედო“ ევროპის ლიგის პლეი-ოფის უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის ემზადება – საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 23 და 30 აგვისტოს ბულგარულ „ლუდოგორეცს“ დაუპირისპირდება. ამის გამო, 20 აგვისტოს თბლისის „ლოკომოტივთან“ და 26 აგვისტოს თბილისის „დინამოსთან“ ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში გასამართი ორი ტურის შეხვედრა გუნდს ისევ გადაუდეს.
„ტორპედოს“ პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ გაითვალისწინა კლუბის თხოვნა და მატჩები გადადო.
„ამისთვის მადლობას ვუხდით ფეხბურთის ფედერაციას. „ტორპედო“ აღნიშნულ მატჩებს მოგვიანებით გამართავს. მადლობა ორივე თბილისურ კლუბს, „ლოკომოტივსა“ და „დინამოს“, რომლებიც ასევე დათანხმდნენ მატჩების გადადებაზე“, – წერია გუნდის განცხადებაში.
აქამდე „ტორპედოს“ გორის „დილასთან“ და „რუსთავთან“ გასამართი მატჩებიც გადაუდეს. „დილას“ „ტორპედო“ 7 სექტემბერს დაუპირისპირდება, ხოლო „რუსთავს“ – 12 სექტემბერს.