2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელმა, თორნიკე ყიფიანმა „აჰოი არენას“ სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარა.
„აჰოი არენაზე“ ჩატარებული პირველი რეპეტიციის შემდეგ, თორნიკე ყიფიანი ჟურნალისტების შეკითხვებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე უპასუხებს.
თორნიკე ყიფიანი კონკურსის მეორე ნახევარფინალურ ტურში, 20 მაისს, მე-10 ნომრად იმღერებს.
მეორე ნახევარფინალში 17 კონკურსანტი მონაწილეობს. მაყურებელი და ჟიური მათ შორის საუკეთესო ათეულს შეარჩევს, რომელიც ფინალში 22 მაისს იმღერებს.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 65-ე კონკურსს როტერდამი მასპინძლობს. კონკურსში წელს 39 ქვეყანა მონაწილეობს.
შოუს პირდაპირი ტრანსლაცია 18, 20 და 22 მაისს, 23:00 საათზე, საქართველოს პირველი არხის ეთერში შედგება.