საკალათბურთო „ევროლიგის“ 21-ე ტურში „ბასკონიამ“ მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. თორნიკე შენგელიას გუნდმა პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ დიდი ანგარიშით, 103-84 დაამარცხა. ვიტორიაში გამართულ მატჩში მასპინძლებმა სათამაშო უპირატესობა საწყისი წუთებიდანვე მოიპოვეს, რომელიც ეტაპობრივად კიდევ უფრო განავითარეს.
ქართველი კალათბურთელი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში. შენგელიამ, 24 წუთში 11 ქულა, 7 მოხსნა 2 ზუსტი პასი და 2 დაფარება გააკეთა. გამარჯვებულთა შორის საუკეთესო როდრიგ ბობუა გახლდათ. ფრანგმა უკანახაზელმა 25 ქულა მოიპოვა. 18 ქულაა მეტ ჯენინგის მონაგარი. ამ მოგების შემდეგ, ვიტორიულ კლუბს 10 მოგება და 11 მარცხი მოუგროვდა. პედრო მარტინესისი გუნდი სატურნირო ცხრილში, 9-ე პოზიციაზეა და ერთი ადგილი აშორებს საპლეიოფო ზონას. მომდევნო ტურში, „ბასკონიას“ რთული მატჩი ელის. ესპანური კლუბის მეტოქე ათენის „პანათინაიკოსი“ იქნება, რომელიც დღეს გერმანულ „ბროზესთან“ სტუმრად განადგურდა, ანგარიშით 74-95. „პანათინაიკოსი“-„ბასკონიას“ თამაში 8 თებერვალს, ათენის „ოაკას“ დარბაზში შედგება.