თორნიკე შარაშენიძე - საინტერესო იქნება, თუ ივანიშვილი პრეზიდენტად იყრის კენჭს, რადგან არ შეიძლება, ყველაზე დიდი გავლენის მქონე ფიგურას ოფიციალური სტატუსი არ ჰქონდეს
თორნიკე შარაშენიძე - საინტერესო იქნება, თუ ივანიშვილი პრეზიდენტად იყრის კენჭს, რადგან არ შეიძლება, ყველაზე დიდი გავლენის მქონე ფიგურას ოფიციალური სტატუსი არ ჰქონდეს

ძალიან საინტერესო იქნება, თუ ივანიშვილი პრეზიდენტად იყრის კენჭს, რადგან არ შეიძლება, ყველაზე დიდი გავლენის მქონე ფიგურას ოფიციალური სტატუსი არ ჰქონდეს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, თორნიკე შარაშენიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„უკეთესი იქნება, ის საქმეში ახლოდან იყოს ჩართული“, – განაცხადა შარაშენიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას მოლოდინი, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროს, თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა, რომ დღემდე არც იმის მოლოდინი არსებობდა, ბიძინა ივანიშვილი ასე უცებ, პარტიის თავმჯდომარე თუ გახდებოდა, მაგრამ ეს მოხდა და შესაძლოა, ყველაფერი ახლა იწყებოდეს.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ შეიძლება, ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობა მოუნდეს მაშინ, როცა პრემიერ-მინისტრის პოსტი თავისი ნებით დატოვა, პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ პრემიერი უფრო დაკავებულია, ვიდრე პრეზიდენტი და რამდენადაც ბიძინა ივანიშვილს საჯარო ცხოვრება არ უყვარს, შესაძლოა, პრეზიდენტობა გადაწყვიტოს.

პოლიტოლოგის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ ის ივანიშვილის მხრიდან საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვას ელოდებოდა და არა ამ ფორმით დაბრუნებას.

შეკითხვაზე, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებით, მოსალოდნელია თუ არა პარტია „ქართული ოცნების“ წმენდა, თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილისთვის მთავრობის წმენდა უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტიის.

პოლიტოლოგმა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ნორმალიზება მოახდინა, საგარეო პოლიტიკა უფრო მშვიდი, წყნარი და საქმიანი გახდა და ამ პოლიტიკას ბიძინა ივანიშვილის პრაგმატული ხელი აშკარად ეტყობოდა.

„რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია აუცილებელი იყო, რათა ახალი ომის დეესკალაცია მოგვეხდინა. დღეს ახალი ომის რისკი თითქმის, მინიმუმამდეა დასული, რაც კარგია. თავისი შედეგი მოიტანა ასევე ევროკავშირზე აქცენტის გაკეთებამ. ივანიშვილის უშუალო გავლენასა და როლს სწორედ ამაში ვხედავდი და კარგი იქნება, თუ ის ამაში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება. საქართველოს კვლავაც მართებს, საგარეო პოლიტიკაში ძალიან ჭკვიანურად, ფრთხილად და პრაგმატულად მოიქცეს და ამ მხრივ, ივანიშვილის როლი ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.