თორნიკე შარაშენიძე - იერუსალიმის საკითხზე კენჭისყრისას თავშეკავება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე გავლენას არ მოახდენს
თორნიკე შარაშენიძე - იერუსალიმის საკითხზე კენჭისყრისას თავშეკავება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე გავლენას არ მოახდენს

საქართველომ ამერიკასთან, ისრაელთან და არაბულ სამყაროსთან ურთიერთობა რომ არ გაიფუჭოს, გაერო-ში კენჭისყრისას თავი უნდა შეიკავოს, – ამის შესახებ პირველ არხს ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე იერუსალიმის სტატუსის შესახებ დაგეგმილი რეზოლუციის პროექტის კენჭისყრის კომენტირებისას განაცხადა.

“ალბათ საქართველო თავს შეიკავებს, რაც სრულიად ლოგიკური იქნება. თუ ვიფიქრებთ, რომ მთელი სამყარო საქართველოს გარშემო ბრუნავს და ამერიკა საქართველოს უკანასკნელ შანსს აძლევს, ასე არ არის. კენჭისყრის დროს თავშეკავება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე არავითარ გავლენას არ მოახდენს. არავისთან ურთიერთობა რომ არ გაიფუჭოს საქართველომ, თავი უნდა შეიკავოს. ამით ურთიერთობას არც ამერიკასთან, არც ისრაელთან და არც არაბულ სამყაროსთან არ გაიფუჭებს. მით უმეტეს, გაერო-ში ჩვენი ხმა არაფერს არ წყვეტს და სჯობს, თავი შევიკავოთ”, – განაცხადა შარაშენიძემ.

იერუსალიმის სტატუსზე გაერო-ში დღეს დაგეგმილი კენჭისყრის წინ დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებს დაემუქრა, რომლებიც დახმარებას აშშ-ისგან იღებენ.

„ისინი ასობით მილიონობით, მილიარდობით დოლარს იღებენ ჩვენგან და შემდეგ ხმას ჩვენ წინააღმდეგ აძლევენ. მიეცით უფლება ასე მოიქცნენ, ჩვენ უფრო მეტ თანხას დავზოგავთ” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა დეკემბრის დასაწყისში იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, რასაც მსოფლიოს მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.