თორნიკე შარაშენიძე - არ ვიცი, რა აქვს ჩაფიქრებული ოპოზიციას და შეიძლება ითქვას, თავადაც არ იციან, რადგან ეს არ არის ერთი პარტია ერთი ლიდერით
არ ვიცი, რა აქვს ჩაფიქრებული ოპოზიციას და შეიძლება ითქვას, თავადაც არ იციან, რადგან ეს არ არის ერთი პარტია ერთი ლიდერით, – ამის შესახებ GIPA-ს პროფესორმა, საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„რამდენიმე პარტიაა, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ერთმანეთს არანაკლებ აკრიტიკებდნენ, ვიდრე ხელისუფლებას. განსაკუთრებით, აქ სააკაშვილის ფაქტორი იყო გამყოფი. საარჩევნო კამპანიის დროს მგონი, მას უფრო მეტი მოხვდა, ვიდრე ივანიშვილს. ასე რომ, ერთიანი სტრატეგია შეიძლება, არც აქვთ“, – განაცხადა შარაშენიძემ.
ამ განცხადებით თორნიკე შარაშენიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა სურს დღეს ოპოზიციას და რამდენად ცხადია მათი გეგმები.
მისი თქმით, შესაძლოა, ეს ყველაფერი კეთდებოდეს ვაჭრობისთვის, რომ რაღაც ხმები, რომელიც მათ მიაჩნიათ, რომ დააკლეს და შეიძლება, კიდევაც დააკლეს, გადათვლის შედეგად მიიღონ და მერე პარლამენტში უფრო გაძლიერებული შევიდნენ, ან შეიძლება, აპირებენ, ჭადრაკის დაფა ააყირავონ, რადგან ხედავენ, რომ ამ დაფაზე ვერ იგებენ.
„თუ დაფის აყირავება აქვთ გეგმაში, ეს პირადად სააკაშვილის სტრატეგიაა და მისი თამაშია. მე ასე მგონია. შეიძლება, მას ბევრი არ დაეთანხმოს და არ აჰყვეს ამ თამაშში“, – განაცხადა შარაშენიძემ.
როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, ოპოზიცია დააკვირდება, რამდენი ხალხი მივა კვირის აქციაზე და შემდეგში, ამის მიხედვით იმოქმედებს.
„თუ ოპოზიციამ მართლაც იცის, რა უნდა და ეს მათი მხრიდან იმპროვიზაცია არ არის, შეხედავენ, რა მოხდება, კვირას რამდენი ხალხი მოვა და ამის მიხედვით იმოქმედებენ და ასე შემდეგ“, – განაცხადა შარაშენიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა დისკომფორტს შეუქმნის „ქართულ ოცნებას“ ის მოცემულობა, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებაში“ ზოგიერთს გაუხარდება კიდეც, თუ ოპოზიცია შესვლაზე უარს იტყვის, მაგრამ თუ პარტია შორს იყურება, უნდა ხვდებოდეს, რომ პარლამენტში მარტო დარჩენა არ ვარგა და ეს არც ერთი მოქალაქის ინტერესში არ არის.
„შეიძლება, ქვეყანა ახლა კრიზისში შევიდეს, „კოვიდიდან“ გამომდინარე და თუ რამეა, ყველაფერი „ოცნებას“ დაატყდება თავზე. ეს ყველაფერი მათი პრობლემა იქნება. ამ შემთხვევაში, როცა „ოცნებას“ პრობლემა ატყდება, შეიძლება, ვიღაცას ოპოზიციაში ჰგონია, რომ თუ „ოცნება“ პარლამენტში მარტო დარჩება, ეს ცუდია „ოცნებისთვის“, მაგრამ მგონი უკეთესია, ოპოზიცია პარლამენტში დაჯდეს და „ოცნება“ იქიდან აკრიტიკოს, ვიდრე ქუჩიდან. იმიტომ, რომ ქუჩიდან რა უნდა ქნა, ყოველდღე „ფეისბუქის“ ლაივით ხომ არ ჩაერთვები?! შეიძლება, ამას ვიღაც კი უყურებს, შენი კლასტერი, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც ტელევიზორს უყურებს. ტელევიზიას კვლავაც დიდი ძალა სწორედ ამიტომ აქვს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ტელევიზორს უყურებს. ასე რომ, ვფიქრობ, პატარა პარტიები მაინც უნდა ფიქრობდნენ შესვლაზე. ეს მათი მხრიდან უფრო რაციონალური იქნება“, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.