თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში ინვესტიციები 43 პროცენტით გაიზარდა
მიმდინარე წელს აჭარაში ინვესტიციები 43 პროცენტით არის გაზრდილი, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
მან „ფორბსის“ იმ სტატიაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვით ბათუმი ევროპაში ყველაზე ხელსაყრელ საინვესტიციო ქალაქად დასახელდა.
„2019 წელს ბათუმმა მიიღო ტურისტული ოსკარი, 2020 წელს ბათუმი არის ევროპის ხუთეულში და ეს აღიარებულია ყველაზე რეპუტაციული საერთაშორისო გამომცემლობის მხრიდან. იქნება კიდევ უფრო მეტი დინამიკა. 2019 წლის სამი კვარტლის მონაცემებით აჭარაში ინვესტიციები გაიზარდა 43 პროცენტით და ეს არის ფაქტი, ეს არის ციფრები, რომელიც სასიხარულოა ყველასთვის, ვისაც გული შესტკივა ბათუმისა და აჭარის განვითარებაზე. “-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
დღევანდელ სხდომაზე აჭარის მთავრობამ საბინაო ფონდიდან ხუთ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადასცა. საახალწლოდ ახალი ბინები გადაეცათ მსოფლიო ჩემპიონ ლაშა გობაძეს, პედაგოგ შორენა დოლიძეს, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლის – „არსიანის“ დირექტორ ოთარ მიქელაძეს, მსახიობ მამუკა მანჯგალაძეს, მოქალაქე ჯუმბერ ნინიძეს.
თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ მას, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, აქვს უფლება სოციალურ სფეროში გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს, თუმცა ბენეფიციარები, მისი თქმით, სხვადასხვა უწყებასთან კონსულტაციის შემდეგ შეარჩიეს, გათვალისწინებული იყო დამსახურება და საჭიროება. მისი თქმით, აჭარაში ეს აჭარაში საახალწლო ტრადიცია გახდება.