თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატები დაასახელა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატები დაასახელა.
„26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ტარდება აჭარის ავტონომიური უმაღლესის საბჭოს არჩევნები, შესაბამისად, დღეს მსურს, წარმოგიდგინოთ დელეგატები „ქართული ოცნებიდან“, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან როგორც წამყვან პოზიციებზე უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკომპლექტების მიზნით, ასევე ისინი გაუძღვებიან აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანიას.
ბათუმიდან ჩვენი დელეგატი იქნება რამაზ ჯინჭარაძე. მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეა, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის განხორციელება უკავშირდება როგორც ბათუმში, ისე აჭარაში;
ქობულეთიდან ჩვენი დელეგატი იქნება ცოტნე ანანიძე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე;
ხელვაჩაურში დელეგატი იქნება მინდია დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რომელმაც კარგად იცის ხელვაჩაურის საჭიროებები და არსებული გამოწვევები;
ქედაში ჩვენი დელეგატი იქნება მამუკა თურმანიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. მანამდე ის გახლდათ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
შუახევში დელეგატი იქნება ფრიდონ ფუტკარაძე, მოქმედი მაჟორიტარი და აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოში;
ხულოში დელეგატი იქნება ვახტანგ ბერიძე, მოქმედი მერი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ხულოს წინაშე არსებული გამოწვევები და ის ნამდვილად გახლავთ ამ მუნიციპალიტეტის ძალიან დიდი საყრდენი.
ძირითადი კრიტერიუმები, რის გამოც შეირჩა ეს ხალხი და რაც გახლდათ წარდგენის საფუძველი, არის პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება, ქვეყნისა და ხალხის სიყვარული. დარწმუნებული ვარ მათ წარმატებაში. მინდა, თითოეულ მათგანს წარმატებული საარჩევნო კამპანია ვუსურვო“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.