თორნიკე რიჟვაძე - წარსულს ჩაბარდა დრო, როცა საბიუჯეტო რესურსით ხდებოდა მაღალჩინოსნების პირადი მოგზაურობის, თუ სხვა ხარჯების დაფარვა
ამ მოგზაურობაზე ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა, წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც საბიუჯეტო რესურსით ხდებოდა მაღალჩინოსნების პირადი მოგზაურობის, თუ სხვა ხარჯების დაფარვა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის კერძო ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, საზოგადოება აღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებს.
„თქვენს ადგილას, წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან თავს შევიკავებდი. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც საბიუჯეტო რესურსით ხდებოდა მაღალჩინოსნების პირადი მოგზაურობის, თუ სხვა ხარჯების დაფარვა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოგზაურობას, ამ შემთხვევაში, როგორც მოგეხსენებათ, ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა. ყველა ადამიანს და განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყნის მეთაურს, აქვს სრული უფლება, საკუთარი ხარჯებით დაფაროს ყველაფერი, რასაც საჭიროდ და მიზანშეწონილად მიიჩნევს. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დეკლარაცია იქნება შევსებული და საზოგადოება კარგად ნახავს ამ ხარჯების წარმომავლობასაც. ამიტომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, პარალელი გაევლოს იმ ფუქსავატობასა და მათ შორის, დანაშაულებრივ ქმედებას შორის, რასაც წინა ხელისუფლების დროს ყოველდღიურად ვაწყდებოდით, ამ პარალელის გავლება შეუძლებელი იქნება“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.