რამდენიმე დღის წინ მოსულმა სეტყვამ ქობულეთში ციტრუსის ნაყოფი ნაწილობრივ დააზიანა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მეციტრუსე ფერმერებს შეხვდა და მოსავლის ხარისხისა და რეალიზაციის შესახებ არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.
„ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაში შედის და მნიშვნელოვანია, რომ ყველა მეციტრუსე ფერმერს ჰქონდეს შესაბამისი ხელშეწყობა, მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რათა მაქსიმალურად გამარტივებული იყოს დოკუმენტაცია, რომელიც მათ სჭირდებათ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ სტაბილური, ადეკვატური სარეალიზაციო ფასი და ყველა ოჯახმა შეძლოს შესაბამისი შემოსავლების მიღება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ციტრუსის შტაბს შესაბამისი დავალებები მისცა, რაც უკავშირდება ლოჯისტიკის გამართვას, ასევე ექსპორტის მიმართულებით კიდევ უფრო მეტ დივერსიფიცირებას.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა ექსპორტიორს ჰქონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა, დოკუმენტაციის გამარტივების თვალსაზრისით. ასევე ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობებს მათ შორის მოსაკრებლების შემცირების, რომლებსაც ეს ექსპორტიორები იხდიან, მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ხალხი გრძნობდეს მთავრობის სიახლოვეს, მუშაობას და კეთდებოდეს ოპერატიული რეაგირება ყველა იმ პრობლემაზე, რაც მოსახლეობას აწუხებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ იმავე თანამშრომლობით და მათ შორის იმ ძალიან დიდი მხარდაჭერის ფონზე შევძლებთ ყველა ეს გამოწვევა – იქნება ეს ციტრუსის, ეკონომიკის თუ ჯანდაცვის მიმართულებით მინიმალური დანაკარგებით გავიაროთ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.