თორნიკე რიჟვაძე - საკურორტო სეზონს საფრთხე არ ემუქრება და ზღვის წყლის ხარისხი, გასულ წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია
საკურორტო სეზონს საფრთხე არ ემუქრება და შავი ზღვის წყლის ხარისხი, გასულ წელთან შედარებით, გაუმჯობესებულიც კია, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პერიოდულად მოხდება ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს, ისე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მხრიდან.
„მსურს, შევეხო ბოლო დროის აქტუალურ საკითხს, რომელიც უკავშირდება ზღვის წყლის ხარისხს. მათ შორის, ბოლო პერიოდში მთელი რიგი არცთუ კეთილმოსურნე მედიასაშუალებების მხრიდან ხდება მაქსიმალური ზიანის მიყენება საკმაოდ წარმატებული ტურისტული სეზონისთვის. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პერიოდულად მოხდება ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს, ისე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მხრიდან. უკვე ჩატარებული კვლევების შესაბამისად უნდა ითქვას, რომ ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია შარშანდელ წელთან შედარებით და იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ხარისხობრივი მაჩვენებლის შენარჩუნებას ისე, რომ, პირველ რიგში, ჩვენს თანაქალაქელებს და შემდეგ ჩვენს უამრავ სტუმარს დასვენების კუთხით რაიმე დისკომფორტი არ შეექმნება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შავი ზღვის წყლის კვლევა განხორციელდა გარემოს ეროვნულო სააგენტოს, ასევე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მიერ, რომლის მიხედვითაც, ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია და სრულ თანხვედრაშია დასაშვებ ნორმებთან.
როგორც აღინიშნა, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი ცხრა სადგურზე ყოველთვიურად წარმოებს, რითიც ისაზღვრება ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე წყალში გახსნილი ჟანგბადისა და ბიოგენური ელემენტების შემცველობა. ხორციელდება მძიმე მეტალებისა და ორგანული დამაბინძურებლების კვლევა ზედაპირულ და ფსკერისპირა ფენაში.