თორნიკე რიჟვაძე - რეგიონში სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარების შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა
აჭარაში შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროების და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე ხელმძღვანელებს მიეცათ დავალებები, რომ შეზღუდვების შემსუბუქებისთვის საჭირო შესაბამისი რესურსების მობილიზება პირველ თებერვლამდე უზრუნველყონ.
„სამინისტროების ხელმძღვანელებს მიეცათ შესაბამისი დავალებები, რომ პირველ თებერვლამდე უზრუნველყონ როგორც ადამიანური რესურსების, ასევე ინფრასტრუქტურული რესურსების მზადყოფნა, რათა შევძლოთ მაქსიმალურად ეფექტურად აღვადგინოთ სასწავლო პროცესი სკოლებში, ასევე ბათუმში ამოძრავდეს მუნიციპალური ტრანსპორტი და ამუშავდეს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი, როგორიც არის კვების ობიექტები. მნიშვნელოვანი იქნება იმ რეკომენდაციების დაცვა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, შევინარჩუნოთ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილური ნიშნები. ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც სწრაფ დიაგნოსტირებას, ასევე ტესტირებებზე ხელმისაწვდომობას“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოსახლეობას, ბიზნესსექტორსა და პედაგოგებს მოუწოდა, ისარგებლონ ტესტირების პროგრამით, რაც ვირუსის სწრაფი გამოვლენისა და მასზე რეაგირების საშუალებას იძლევა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ წერტილოვანი შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს მიიღო.