თორნიკე რიჟვაძე - ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში ხვალიდან შეზღუდვების შემსუბუქებისა და მოხსნის შესაძლებლობა გვექნება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში ბევრი სასტუმრო, განთავსების ობიექტი, საქართველოს მთავრობის ტურიზმის ხელშეწყობის გეგმის შესაბამისად, შეღავათებით ისარგებლებს.
„საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა ტურიზმის ხელშეწყობის გეგმა და ამ გეგმის შესაბამისად, ძალიან ბევრი სასტუმრო, განთავსების ობიექტი, მათ შორის აჭარაში, ისარგებლებს ამ შეღავათებით.
ეს არის მიზნობრივი მხარდაჭერის, დახმარების პროგრამა და დარწმუნებული ვართ, ის კონკრეტული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს უკვე 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის აღდგენას და შემდეგ უკვე პირველი ივლისისთვის საერთაშორისო ვიზიტორების, მოგზაურების მიღებას, საშუალებას მისცემს ჩვენს ტურიზმის ინდუსტრიას, პოსტკრიზისულ პერიოდში შეძლონ, მათ მიიღონ უკვე ტურისტები და შემოსავლები, რომელიც მნიშვნელოვანია მათი სწორი, მდგრადი განვითარებისთვის.
რა თქმა უნდა, ამისთვის დიდი მადლობა მთავრობას, მადლობა ეკონომიკის სამინისტროს და მთლიანად გუნდს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ამასთან, თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, ეპიდემიოლოგიური ვითარება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში შეზღუდვების მოხსნისა და შემსუბუქების საშუალებას იძლევა.
„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ერთი კვირაა, ჩვენ უკვე არ გვიფიქსირდება ინფიცირების არცერთი შემთხვევა და ყოველდღიურად დაახლოებით 300-ზე მეტი ტესტი კეთდება. ამიტომ ჩვენ უკვე ხვალიდან პრაქტიკულად მოგვეცემა შესაძლებლობა, შევამსუბუქოთ და მოვხსნათ შეზღუდვები ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში. რაც შეეხება სასტუმროებს, გარდა იმ ხელშეწყობის ღონისძიებისა, რა თქმა უნდა, დანაწესები იქნება, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს ჯანდაცვის რეკომენდაციების, ასევე უსაფრთხოების გათვალისწინება. და ამ კუთხით, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, კერძო სექტორი მაქსიმალურად იქნება ჩართული, რომ ეს სტანდარტი გაითვალისწინონ როგორც შიდა კონკურენციის ნაწილში, იგივე სასტუმროებში, ასევე გლობალური კონკურენციის ნაწილში მაქსიმალურად დაინერგოს უსაფრთხოების სტანდარტი“, – აღნიშნა რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები 12 აპრილს დაწესდა.