თორნიკე რიჟვაძე - ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, საჯარო სივრცეში მოქმედი ორგანიზაციები საიდან ფინანსდებიან და რა კონკრეტულ ინტერესებს ატარებენ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ყველა გაერკვეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სულისკვეთებაში.
რიჟვაძის თქმით, საქართველოში ყველა მოქმედი იურიდიული პირი უნდა ადეკლარირებდეს უცხოეთიდან მიღებულ შემოსავლებს.
„ვიდრე ახსენებთ, ეს კანონი რუსულია თუ ქართული, ალბათ ყველამ იცით, კანონს რა ჰქვია. ვიდრე სახელდებებს გამოვიყენებთ, მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონის სულისკვეთებაში ყველა გაერკვეს. მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქმედი იურიდიული პირი წლის ჭრილში ადეკლარირებდეს შემოსავლებს, რომლებიც მიღებულია უცხოეთიდან. ეს არ ქმნის პრობლემას ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც გრანტებითა და სხვა დახმარებებით ახორციელებენ საქმიანობას, იღებენ განათლებას. თუმცა არსებობს რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წლის განმავლობაში საერთოდ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მალავენ ინფორმაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კანონის საფუძველზე დარეგულირდეს. როგორც მოგეხსენებათ, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, მთავრობის აბსოლუტურად ყველა განკარგულება, მთავრობის სამართლებრივი აქტი არის საჯარო და, შესაბამისად, ამ ნაწილში ძალიან ღია და გამჭვირვალეა სამთავრობო უწყებები“, – განაცხადა რიჟვაძემ.
როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, ქვეყანაში მოქმედი ორგანიზაციები საიდან ფინანსდებიან და რა კონკრეტულ ინტერესებს ატარებენ.
„კომუნიკაციას არ დავაკლებთ, რომ უფრო მეტად ავხსნათ, რამდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ კანონის მიღება, ზოგადად, საჯარო სივრცეში მოქმედი ყველა ორგანიზაცია მაქსიმალურად უნდა იყოს გამჭვირვალე. ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, ყველა ორგანიზაცია, რომელიც ამ ქვეყანაში მოქმედებს, საიდან ფინანსდება, რა კონკრეტულ ინტერესებს ემსახურება და ატარებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ამასთან, თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი ძალები პროფესიონალურად მოქმედებენ.
„შეიძლება, ევროპელებსაც ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვასწავლოთ, როგორ უნდა გავცეთ პასუხი აგრესიაზე და, მათ შორის, ზღვარგადასულ ბულინგზე“, – განუცხადა თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს.
ამავდროულად, რიჟვაძემ განაცხადა, რომ აქციაზე კონკრეტული მედიასაშუალების მიმართ ზღვარგადასული ბულინგი ხორციელდებოდა.