თორნიკე რიჟვაძე - ოკუპაცია დღესაც არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამოწვევა
თორნიკე რიჟვაძე - ოკუპაცია დღესაც არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამოწვევა

ოკუპაცია დღესაც არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამოწვევა და თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის გათავისუფლებისთვის დაღუპულ იუნკერთა მემორიალთან განაცხადა.

„დღეს არის საბჭოთა ოკუპაციის დღე და პატივს მივაგებთ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც ემსხვერპლა რეჟიმს, თუმცა ამავე დროს ოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამოწვევა და ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ოკუპაციის დღე ბათუმში ტრადიციულად გენერალ მაზნიაშვილის მებრძოლების მემორიალთან აღინიშნება.

1921 წლის მარტში თავისუფლებისთვის ბრძოლაში 50 მებრძოლი დაიღუპა, მათ შორის ერთი ქალი იყო. მათი საფლავის ძიება და გათხრები 1990 წლის მაისში დაიწყო. ათკაციანი ჯგუფი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა. გათხრების შედეგად აღმოჩენილია საბრძოლო იარაღი, ნივთები და გარდაცვლილთა ცხედრები. მათი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადაასვენეს. 50-დან მხოლოდ 27 მებრძოლის ვინაობის დადგენა მოხერხდა.