თორნიკე რიჟვაძე - მზად ვარ, აჭარის მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარვადგინო
თორნიკე რიჟვაძე - მზად ვარ, აჭარის მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარვადგინო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ოფიციალურად დაასახელა, წარდგენის შემთხვევაში აჭარის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს არ გამორიცხავს.

„ვფიქრობ, რომ ის შემადგენლობა, რაც დღეს არის მინისტრთა კაბინეტში, არის დიდი კომპეტენცია, გამოცდილება, პროფესიონალიზმი, ჩვენ დეტალურად და ყურადღებით გავივლით ყველა იმ საკვანძო ფიგურას, რომელიც მინისტრთა კაბინეტში უნდა იყოს და შევჯერდებით, რა თქმა უნდა, უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად, იმ შემადგენლობაზე, რომელიც თავს გაართმევს ადეკვატურად იმ გამოწვევებს, რომლებიც რეგიონშია. პერსონალიებზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ოფიციალური წარდგენის შემდეგ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რიჟვაძე მიიჩნევს, რომ რეგიონში ცალკეული მიმართულებებით ცვლილებებია საჭირო.

„მინდა, გამოვხატო სრული მზაობა იმ კონკრეტული პასუხისმგებლობისთვის, რასაც ითვალისწინებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობა. ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს გარკვეულ პროცედურებს, რასაც ჰქვია პრეზიდენტის მიერ ჩემი კანდიდატურის წარდგენა. ამ წარდგენის შემთხვევაში, მე მზად ვარ, წარვადგინო მთავრობის განახლებული შემადგენლობა, ასევე, ის სამთავრობო პროგრამა, რომლითაც ჩვენ ვიმოქმედებთ აჭარის რეგიონში. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ ხარისხობრივი და თვისობრივი ცვლილებები და სწორედ ახალი სამთავრობო პროგრამა ამ პრიორიტეტებს გაუსვამს ხაზს“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა.

თორნიკე რიჟვაძე ოფიციალურად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ უნდა წარადგინოს. მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი არ შეეცდება რეგიონში გარკვეული კრიზისის შექმნას და „ქართული ოცნების“ კანდიდატს მხარს დაუჭერს.