თორნიკე რიჟვაძე - „მუყაოს ქალაქის“ პრობლემები გვარდება და ღირსეულ პირობებში ცხოვრებას ათასობით ბავშვი შეძლებს
ერთი არასრული წლის განმავლობაში შევძელით, სამი ქალაქის მშენებლობა დაგვეწყო, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარადგენს.
რიჟვაძემ განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში ინვესტიციების ზრდასა და ახალი პროექტების განხორციელებაზე გაამახვილა.
„პირობა დავდე, რომ „მუყაოს ქალაქის“ პრობლემის მოგვარება ღირსების საქმე იქნებოდა. ეს პრობლემა გვარდება და ათასობით ბავშვი შეძლებს, იცხოვროს ღირსეულ პირობებში. სამი თვის წინ ქობულეთში დავიწყეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო, ნახევარი მილიარდის ღირებულების პროექტის – მწვანე ქალაქის მშენებლობა, რომელიც იქნება ყველაზე დიდი გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი კომპლექსი. 7 ჰექტარზე დავიწყეთ განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მან ასევე გაამახვილა ყურადღება აჭარის მთავრობის ოპტიმიზაციაზე და განაცხადა, რომ მთავრობის მოცულობა ერთი მესამედით შემცირდა, რითაც დაიზოგა ერთი მილიონი ლარი, რაც ჯანდაცვის სფეროში დაიხარჯება.
როგორც რიჟვაძემ განაცხადა, ამ დროისთვის არ არის აჭარაში არც ერთი შეჩერებული პროექტი, მთავრობის ბრძანებულების თანახმად 50-მდე მეწარმეს გადაუვადდა ვალდებულებები, 35 პროექტი განახლდა. რაც 165 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. წლის ბოლომდე კი, მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მილიარდამდე გაიზრდება საინვესტიციო პაკეტი და აჭარაში შეიქმნება ექვსი ათასი სამუშაო ადგილი.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მთავრობასთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ბულვარის სარფამდე გაგრძელების პროექტზე, აზიის განვითარების ბანკთან ერთად კი, გონიოს პოლიგონის საბოლოო გამოკვლევა და შესწავლა მოხდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ტურიზმის, მთიანი აჭარის განვითარების, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში დაგეგმილ სიახლეებზე. მისი თქმით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება მუნიციპალური და ასევე შეასრულებს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქციას.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ რიჟვაძე დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.