თორნიკე რიჟვაძე მოხალისეთა საორანიზაციო ჯგუფის წევრებსა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მოხალისეთა საორანიზაციო ჯგუფის წევრებთან, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, აჭარაში ჯანდაცვის სამინისტროს და წითელი ჯვრის ჩართულობით ექვსივე მუნიციპალიტეტში გადამზადდნენ ჯგუფები, რომლებიც კოორდინაციასა და რეკომენდაციას გაუწევენ მოხალისეებს. მიმდინარეობს მოხალისეთა დისტანციური, ელექტრონული გადამზადება და მოხდება მათი შესაბამისი ეკიპირება. გადამზადების პროცესში ჩართულია წითელი ჯვარი.
„მთავარია ეფექტური და მობილიზებული ჯგუფების არსებობა, რომელიც აღიჭურვება შესაბამისი ცოდნით. მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ადეკვტურად ასახავს რეაგირებას იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. არავინ დარჩება ძირითადი მზრუნველობის გარეშე“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მოხალისეებთან შეხვედრისას.
აჭარის მთავრობის ინიციატივით, მომზადდა სასურსათო კალათა, რომელიც გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, მარტოხელა პენსიონერებზე, სარეცელს მიჯაჭვული და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე და მაღალი რისკ ჯგუფის წარმომადგენლებზე.
მიწოდება განხორციელდება საჯარო სამსახურის შესაბამისი სტრუქტურების და მოხალისეთა ჩართლობით, რომელთაც კოორდინაციას რეგიონის ახალგაზრდული ცენტრი გაუწევს.