თორნიკე რიჟვაძე - მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების დაკვეთა შესრულდა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა
მსურს, მადლობა გადავუხადო უმრავლესობის თითოეულ დეპუტატს, რომლებმაც, არნახული ზეწოლის მიუხედავად, შეძლეს, მტკიცედ მიეღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია გრძელვადიანად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და დამოუკიდებლობისთვის, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ხალხს აქვს აბსოლუტური უფლება, იცოდეს ყველა ორგანიზაციის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც უცხოურ ინტერესს ატარებენ, დადებითს თუ უარყოფითს“.
„მჯერა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე დარწმუნდება ამ კანონის მნიშვნელობაში. შეუძლებელია, რომ გამჭვირვალობა შეუსაბამო იყოს ევროპულ ღირებულებებსა და ფასეულობებთან. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მეთაურმა, პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველივე სხდომაზე მთავრობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება დაასახელა ერთ-ერთ მთავარ პრინციპად. შესაბამისად, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო და კერძო სტრუქტურების მიმართ მთავარი მოთხოვნა და მოლოდინი გახლავთ გამჭვირვალობა და შედეგებიც, მათ შორის მთავრობის გამჭვირვალობასთან მიმართებით, გვაქვს სახეზე. იცით, რომ გამოქვეყნდა ღია ბიუჯეტის ინდექსი, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს ბიუჯეტი ღიაობით არის პირველ ადგილზე 125 ქვეყანას შორის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად გამჭვირვალედ მოქმედებს მთავრობა და სამთავრობო სტრუქტურები როგორც ბიუჯეტის დაგეგმვის, ასევე მისი შესრულების ნაწილში“, – განაცხადა რიჟვაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა შესრულდა.
„მოგეხსენებათ, რომ ამ კანონს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ჩვენმა უმრავლესობამ პარლამენტში, პატრიოტული და მტკიცე სულისკვეთებით დაამტკიცა და განამტკიცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, მიუხედავად წარმოუდგენელი ზეწოლისა და არნახული წნეხისა. ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველო არის უფრო ძლიერი, უფრო დამოუკიდებელი და, შესაბამისად, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, წარმოუდგენელი რისკის ფასად, „ქართული ოცნების“ პირობებში ვერავინ შეძლებს, რომ ჩვენს ხალხს გარედან „დაუნიშნონ“ და „აურჩიონ“ მთავრობა და შეძლონ ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევა. შესაბამისად, გამჭვირვალობის კანონი ძალიან მალე მოგვცემს შედეგებს, რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, რაც არის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წინაპირობა“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.