თორნიკე რიჟვაძე - ის, რაც დღეს საღამოს მოხდა, იყო ორკესტრირებული შეტევა საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობაზე
განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რაც დღეს საღამოს მოხდა. ეს იყო ორკესტრირებული, მიზანმიმართული შეტევა საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობაზე, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კომისიის წევრები, ზეწოლის მიუხედავად, მათზე დაკისრებულ მოვალეობას პროფესიონალურად ართმევენ თავს.
ამასთან, თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებსაც.
„არჩევნების გამართვის დღიდან ამ დრომდე რიგი უწყებები უმაღლესი პროფესიონალიზმით და ამავე დროს, თმენის ვალდებულების უმაღლესი სტანდარტით ართმევენ თავს არჩევნების შეჯამებას, მიუხედავად არაერთი მიზანმიმართული მცდელობისა, რომ პროცესი იყოს დესტრუქციული. ამ პროცესში რიგმა უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალებმა, სცადეს ქაოსის და არეულობის განცდა შემოიტანონ, რაც არის ღიმილისმომგვრელი.
როგორც სამართალდამცავებმა, ასევე ცესკო-ს შესაბამისმა თანამშრომლებმა, როგორც გასულ დღეებში, ასევე დღესაც უმაღლესი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი ამ მიზანმიმართულ შეტევას, რომელიც ხშირ შემთხვევაში, კანონით დადგენილ ჩარჩოებს სცდება. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ საშუალება, მშვიდად გააგრძელონ ეს პროცესი და არჩევნები, რომელიც ჩატარდა, დასრულდეს ღირსეულად. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა პოლიციას და ცესკო-ს წარმომადგენლებს გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის.
განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რაც დღეს საღამოს მოხდა. ეს იყო ორკესტრირებული, მიზანმიმართული შეტევა საარჩევნო კომისიების მუშაობაზე, სადაც პირდაპირ და ღიად ხდება დესტრუქცია, მათ შორის იმ საჩივრების განხილვის დროს, რომლებიც არჩევნებში მონაწილე სხვადასხვა სუბიექტის მხრიდანაა შეტანილი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანაში ბევრისთვის ნანატრი რევოლუციური სცენარი ვერ განვითარდება. რიჟვაძე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
„არავის მივცემთ საშუალებას, ჩრდილი მიადგეს არჩვენების შედეგების შეჯამებას. უმკაცრესი რეაგირება იქნება ნებისმიერ კანონს მიღმა ქმედებაზე. მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად უზრუნველვყოთ ქვეყანაში სიმშვიდე. ვერც ერთი რევოლუციური, სხვებისთვის ნანატრი სცენარები ვერ განვითარდება“, – განაცხადა მან.
ამასთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ოპოზიციას მოუწოდა, შეეგუონ არჩევნებში მიღებულ შედეგებს და პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას.
„ამ პოლიტიკური ძალების, პირველ რიგში „ნაცმოძრაობის“ მთავარი მიზანი არის არეულობის და რევოლუციური სცენარების პროვოცირება ჩვენს დღევანდელ რეალობაში, რაც არის წარუმატებელი მცდელობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ეს პოლიტიკური შედეგი, რომელიც არის მათთვის არასასურველი, შეძლონ, რომ ღირსეულად მიიღონ და აღიარონ დამარცხება, ასევე პატივი სცენ მათი ამომრჩევლების ხმებს და მათ წარმომადგენლობას.
რაც შეეხება საჩივრების განხილვას, მე რაც ვნახე, ამ პროცესში აბსოლუტურად ღია იყო მათთვის ჩართულობა. ამიტომ მთავარია, რომ თუ არის სადმე პასუხგაუცემელი კითხვა, ყველას გაეცეს პასუხი, თუმცა ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს კონსტრუქციულად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჩარჩოებში.
საბოლოო ჯამში, არც ერთი მანდატი მართლა არ ღირს იმად, რომ ამდენი ადამიანის სიცოცხლე დააყენონ რისკის ქვეშ. თუმცა, ეს არის მათი პასუხისმგებლობის ნაწილი. ჩვენ. როგორც სახელმწიფო, სრულად შევასრულებთ იმ ვალდებულებას, რაც კანონმდებლობით გვაკისრია“, – განაცხადა რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, თბილისსა და რამდენიმე რეგიონში საოლქო საარჩევნო კომისიებთან ხმაური და დაპირისპირებაა. ოპოზიციის წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრებას ითხოვენ, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა.