თორნიკე რიჟვაძე - გავაკეთებთ ყველაფერს, რომ აჭარაში საზოგადოების მოლოდინები გავამართლოთ
თორნიკე რიჟვაძე - გავაკეთებთ ყველაფერს, რომ აჭარაში საზოგადოების მოლოდინები გავამართლოთ

პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოყალიბდეს აჭარის რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც ამ ფორმით დღემდე არ არსებობდა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

რიჟვაძის თქმით, პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებით, მისი კანდიდატურა წარდგენილია რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე და ეს პროცესი ფორმალურად პარტიის ყრილობაზე გაფორმდება.

„ეს ახალი ინიციატივაა, რომელიც ეხება აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, ეს არის სრულიად ახალი სტრუქტურული ერთეული პარტიის შიგნით, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელებს პარტიულ საქმიანობას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კითხვაზე, რა იყო ორგანიზაციის შექმნის წინაპირობა, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ პარტიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და კიდევ უფრო მეტი კოორდინაცია.

„ჩვენ ვემზადებით შემდეგი წლის არჩევნებისთვის და ბუნებრივია, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ის დაკვეთა, რაც მოდის საზოგადოებიდან, მოლოდინები, რაც მოსახლეობას აქვს, განსაკუთრებით აჭარაში ჩვენ შემთხვევაში, გავამართლოთ. ბუნებრივია, ვემზადებით გასამარჯვებლად“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კითხვაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხულოში დიდი უპირატესობით მოიგო თვითმმართველობის არჩევნები და ეს ხომ არ დაუფასდა აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნით, რიჟვაძე პასუხობს: „ვფიქრობ, ერთი წლის ანგარიში, რომელიც წარვადგინე, იქ იყო ყველა ის მიღწევა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გვქონდა, ასევე ის გამოწვევები, რომელიც საჭიროებს რეაგირებასა და გადაჭრას ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. სამუშაო შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა.