თორნიკე რიჟვაძე - ჩვენი ხელისუფლების პირობებში თანამდებობა არ არის გარანტია ან პრივილეგია, ვერავინ ისარგებლებს ხელშეუხებლობით
ჩვენი ხელისუფლების პირობებში თანამდებობა არ არის გარანტია ან პრივილეგია, ვერავინ ისარგებლებს ხელშეუხებლობით, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის პროკურატურის მიერ დაკავებული მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში აჭარის მთავრობა საგამოძიებო ორგანოებთან ითანამშრომლებს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მართლმსაჯულების აღსრულებას.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში თანამდებობა არ არის გარანტია ან პრივილეგია, ვერავინ ისარგებლებს ხელშეუხებლობით, თუმცა ამავე დროს, უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მართლმსაჯულების აღსრულებას.
ასევე, მინდა განვმარტო, რომ ჩვენი ხელისუფლების შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან გრძელდება. ჩვენ ვიქნებით ყველასთან თანაბრად მომთხოვნი და კანონის წინაშე ყველა თანაბარია. ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში ვითანამშრომლებთ საგამოძიებო ორგანოებთან ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მართლმსაჯულების აღსრულებას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის პროკურატურამ რამდენიმე მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა, რომელთა შორის არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აგრეთვე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე, ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე, ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბექა ხალვაში.