თორნიკე რიჟვაძე - ჩვენი ხელისუფლებაში პირობებში თანამდებობა არ არის ხელშეუხებლობის გარანტია
ყველა თანამდებობის პირი კანონის წინაშე არის თანასწორი, ჩვენი ხელისუფლებაში პირობებში თანამდებობა არ არის ხელშეუხებლობის გარანტია, – ამის შესახებ ბათუმში გუშინ დაკავებული მაღალჩინოსნების საკითხის კომენტირებისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
,,ყველა თანამდებობის პირი კანონის წინაშე არის თანასწორი, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში თანამდებობა არ არის ხელშეუხებლობის გარანტია. ამავდროულად, არ გვჭირდება ზედმეტი პოლიტიკა ამ ნაწილში. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და პატივი ვცეთ უდანაშაულობის პრეზუმფციას.
მინდა, მოგმართოთ ყველა საჯარო მოხელეს, რომ მაქსიმალურად მოხდეს მობილიზაცია, არ შეფერხდეს საქმე. უნდა მოხდეს ყველა დასახული მიზნის შესრულება, რომელიც მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის”,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის პროკურატურამ გუშინ რამდენიმე მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა, რომელთა შორის არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აგრეთვე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე, ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე, ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბექა ხალვაში. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, დაკავება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე განხორციელდა. მათ ბრალი ედებათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში.