აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის ძველი ბულვარი სახაშეებისგან გაიწმინდება.
რიჟვაძე გამოეხმაურა საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბულვარის” განცხადებას, რომელიც მერიისგან ბათუმში ქაოტური მშენებლობების შეჩერებას და ქალაქის ისტორიული ნაწილის საზღვრების შენარჩუნებას ითხოვს.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემას ბათუმის უანგარო გულშემატკივრებთან, მათ შორის „დაიცავი ძველი ბულვარის” წევრებთან მიმართებაში. თუნდაც ბულვართან დაკავშირებით, საქმით დავამტკიცებთ, თუ როგორ ვზრუნავთ. ძველი ბულვარი გაიწმინდება სახაშეებისგან,” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ამასთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დღეს არ დაუკონკრეტებია, რომელ ობიექტები შეწყვეტს ბულვარში საქმიანობას.
ბოლო წლებში ბათუმის ბულვარში კვების რამდენიმე ობიექტი გაიხსნა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან ნეგატიური განცხადებები მოჰყვა. 2016 წელს ძველი ბულვარის იერსახის შესაძლო ცვლილებას ადგილობრივების ნაწილი საპროტესტო აქციებით შეხვდა.