თორნიკე რიჟვაძე ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა
თორნიკე რიჟვაძე ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა და აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის ერთობლივი პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პირადად გააცნო.

აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სამთავრობო პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობა თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსით ჩანაცვლდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, წელსვე 630 ოჯახზე მეტს, რომლებიც ცხოვრობენ საფრთხის შემცველ გარემოში, ბინების პრობლემა მოუგვარდებათ. მოსახლეობას ბინები გადაეცემა სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში, ბინების საკუთრებაში გადაცემამდე მოხდება ოჯახების ქირით უზრუნველყოფა.

პროგრამის ბიუჯეტი 80 მილიონ ლარს შეადგენს. მომდევნო ოთხი წლის გამავლობაში ბათუმში აღარ იქნება ავარიული საცხოვრებელი სახლები. პროგრამის ფარგლებში საჭიროების მქონე ყველა პირი უზრუნველყოფილი იქნება ახალი უსაფრთხო საცხოვრისით.

ასევე, ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციისთვის 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.