თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ პანდემიის მიუხედავად, ბათუმში მიმდინარე ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდება
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეფერხდება და ახალი პროექტების განხორციელებაც დაიწყება.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშესაწყობად აჭარის მთავრობამ, ტრანსფერის სახით, მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო.
,,ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, დამატებით შვიდი მილიონი ლარის ღირებულების ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, რაც ათი მილიონ სამასი ათასი ლარის ფარგლებში გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერის საშუალებით მოხდება. მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის აჭარის ა.რ. მთავრობასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
ბათუმის მერიამ დღეს საკრებულოში კორექტირებული ბიუჯეტი წარადგინა, რომლის მიხედვით, პანდემიის დროს გადასახადების და სხვა საბიუჯეტო წყაროების შემცირების გამო, ქალაქის ბიუჯეტი 26 მილიონით შემცირდა.
საკრებულომ კორექტირებული ბიუჯეტი დაამტკიცა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაციის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. ბიუჯეტის ცვლილებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც გამოეხმაურა.
„რაც შეეხება ჩვენი ოპონენტების უსაფუძვლო ბრალდებებს, მათ უსაფუძვლო შენიშვნებს, ჩვენ უმოკლეს ვადებში, ეკონომიკურ გუნდთან ერთად, მოვახერხეთ, ბათუმის თვითმმართველობისთვის ათ მილიონზე მეტი ლარის ტრანსფერი გამოგვეძებნა, ფინანსური რესურსი. ეს ნიშნავს, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც დაგეგმილი იყო ქალაქის თვითმმართველობის მხრიდან, იქნება ბოლომდე მიყვანილი, არც ერთი საბიუჯეტო ღონისძიება არ იქნება გაუქმებული ან ბიუჯეტიდან მომდევნო წლისთვის გადადებული. მიუხედავად პანდემიისა და ძალიან დიდი ეკონომიკური გამოწვევისა, ჩვენ, ყველანი ერთად, შევძლებთ, რომ აბსოლუტურად ყველა პროექტი ბოლომდე იქნას მიყვანილი. გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, ყველა პროგრამა, რომელიც სოციალური, ჯანდაცვის და სხვა მიმართულებებით იყო, შენარჩუნებული იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ბათუმის თვითმმართველობის მხარდაჭერას როგორც ფინანსური რესურსით, ისე პოლიტიკური მხარდაჭერის ნაწილში, რომ ბათუმელებისთვის და ჩვენი სტუმრებისთვის ქალაქი იყოს წესრიგში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.