თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ აჭარის მთავრობა უშვილობის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსებას იწყებს
თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ აჭარის მთავრობა უშვილობის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსებას იწყებს

საქართველოში პირველად, აჭარის მთავრობა უშვილობის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსებას იწყებს, – ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ პირები, რომელთაც შვილის ყოლის მიზნით ესაჭიროებათ რეპროდუქციული სამედიცინო დახმარების გაწევა, დაფინანსდებიან სხვადასხვა სოციალური კატეგორიის პირები.

ამასთან, როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, წელს აღნიშნული პროგრამისთვის ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა და განაცხადა, რომ მომართვიანობიდან გამომდინარე, შემდგომ ეტაპზე ბიუჯეტი გაიზრდება.

როგორც მთავრობის სხდომაზე ასევე განაცხადეს, რომ აჭარაში 1 000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება.

„აჭარის განათლების სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან და აჭარაში მოქმედ უნივერსიტეტებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სტუდენტებს ვისაც მოცემული მომენტისთვის აქვთ დავალიანება და მათი სოციალური ქულა 150 000-მდეა, დაუფინანსდება გადასახადი. ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი გამოიყოფა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის ინფორმაციით, ასევე დაწყებულია ნაპირდაცვითი ღონისძიების პროექტირება და შესაბამისი ექსპერტების ჩართულობითა და რეკომენდაციებით განხორციელება ნაპირის დაცვისა და კვების ღონისძიებები. აღნიშნული ღონისძიების დროული გატარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვით სამმართველოს დაევალა. ბათუმის ნაპირდაცვითი ღონისძიებების განხორციელება მოხდება საექსპერტო წრეების ჩართულობითა და შესაბამისი კვლევების საფუძველზე.

ამასთან, მთავრობის ინფორმაციით, დაიწყება ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია. ქობულეთში კი ეკომიგრანტი ოჯახების ხელშეწყობისა და მათი საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით იგეგმება სოციალური სახლის მშენებლობა. ამ მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის განხორციელებისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტს გელაურის დასახლებაში გადაეცემა მიწის ნაკვეთი.