თორნიკე კაჭარავას ბრალს დღეს წარუდგენენ
თორნიკე კაჭარავას ბრალს დღეს წარუდგენენ

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ თორნიკე კაჭარავას ბრალს დღეს წარუდგენენ. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, შოთა მანელიძემ განაცხადა.

უფლებადამცველმა თორნიკე კაჭარავა თბილისის მთავარ სამმართველოში გუშინ მოინახულა.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

შოთა მანელიძის განცხადებით, თორნიკე კაჭარავა დუმილის უფლებას იყენებს და დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე არ სურს, თუმცა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს

„ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ბრალდების არც ერთ ნაწილში თორნიკე თავს დამნაშავედ არ ცნობს. იყენებს დუმილის უფლებას. ობიექტურობის კრიტერიუმიდან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე თემის განვრცობა და გაშლა არ არის საჭირო. იქნება კონკრეტული დრო და გარემოება, როცა ყველაფერთან მიმართებაში თორნიკე დააფიქსირებს თავის პოზიციას. მას აქვს პასუხი იარაღთან დაკავშირებით, თუმცა მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ თემის განვრცობა“, – განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, ცდილობდა თუ არა კაჭარავა სამართალდამცავებისგან მიმალვას, ადვოკატი აცხადებს:

„მიმალვის აღქმა სხვადასხვაგვარია. ის ცდილობდა არ დაეშვა, რომ მის მიმართ უკანონობა არ განხორციელებულიყო“, – განაცხადა შოთა მანელიძემ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე წარსულში არაერთგზის ნასამართლები, 1989 წელს დაბადებული თორნიკე კაჭარავა თბილისში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

კაჭარავა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურისა და ასევე, პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარია. თორნიკე კაჭარავა ნარკოდანაშაულისთვის გასულ წელს დააკავეს და მოგვიანებით, 15 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.