თორნიკე გვაზავა - არ არის გასაკვირი, გავრცელებულ ფოტომასალაში ასახული ხე-ტყე წარმოადგენდეს კანონდარღვევით მოპოვებულ, მათ შორის, სამასალე ხე-ტყეს
მდინარე ენგურზე გავრცელებულ ფოტომასალაში ასახული ხე-ტყე, არ არის გასაკვირი, წარმოადგენდეს კანონდარღვევით მოპოვებულ, მათ შორის, სამასალე ხე-ტყეს, რასაც ვითარების შესწავლის შემდეგ, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ,- ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, თორნიკე გვაზავამ განაცხადა.
გვაზავა პირველი არხის ვებგვერდის მიერ გავრცელებულ ფოტომასალასთან დაკავშირებით, რომელიც ასახავს, თუ როგორ მოაქვს ადიდებულ ენგურს სარეალიზაციოდ გამზადებული ხე-ტყე, განმარტებას აკეთებს.
„მდგრადი ტყის მასივების შენარჩუნება, ეკოლოგიური თვალსაზრისით, სასიცოცხლო მნივნელობისაა, რისთვისაც ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, მუდმივად ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები.
მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს ჩატარებული ღონისძიებები ამის ნათელი დადასტურებაა. ფინანსთა სამინისტროს, საგამოძიებო სამსახურის მიერ, გასული ორი კვირის განმავლობაში 15 პირია დაკავებული ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადების ბრალდებით. სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში ხშირია გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები. აქედან გამომდინარე, მდინარე ენგურზე გავრცელებულ ფოტომასალაში ასახული ხე-ტყე, არაა გასაკვირი წარმოადგენდეს კანონდარღვევით მოპევებულ, მათ შორის, სამასალე ხე-ტყეს, რასაც ვითარების შესწავლის შემდეგ, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ“,- განმარტავს თორნიკე გვაზავა.
ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.