იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი - სისტემური თვალსაზრისით, ე.წ. არაფორმალური მმართველობის პრობლემა პენიტენციურ დაწესებულებებში არ დგას
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, სისტემური თვალსაზრისით ე.წ. არაფორმალური მმართველობის პრობლემა პენიტენციურ დაწესებულებებში არ დგას.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენას ესწრებოდა, რომლის ფარგლებშიც პენიტენციური სამსახურის მიმართ პარლამენტში დასმულ კითხვებს უპასუხა.
„პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. არაფორმალური მმართველობის შესახებ არაერთხელ აღგვინიშნავს და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ სისტემური თვალსაზრისით არავითარი მსგავსი პრობლემა, თუ გამოწვევა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დღეს არ არის. თუ არის ცალკეული შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პატიმარი ცდილობს გარკვეული ზეგავლენის მოპოვებას სხვა პატიმრებზე ხდება შესაბამისი, მყისიერი რეაგირება პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ ხდება განცალკევება, გადაყვანა და სხვა ღონისძიებების გამოყენება, რომელიც იმთავითვე აღმოფხვრის საფრთხეს იმისა, რომ პატიმართა ჯგუფი შეიძლება მოექცეს გარკვეული ზეგავლენის ქვეშ. ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიშში არის საუბარი და მე პირადად ვისურვებდი, რომ ეს ნაწილი იყოს გაცილებით უფრო გამყარებული კონკრეტული ფაქტებით და თუ ასეთი ფაქტები არსებობს კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რეაგირება ხდება დაუყოვნებლივ“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ პატიმრების ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს ყურადღება მაღალ დონეზე ექცევა.
„2011 წელს თუ იყო 140 გარდაცვალების შემთხვევა, 2021 წელს 20 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ბუნებრივია, მე ამას არ ვამბობ არავითარი ნიშნის მოგებით – თითოეული პატიმრის სიცოცხლე არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ ყოვლისა ჩვენთვის იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ამაზე პასუხისმგებლები, მაგრამ მეორე მხრივ შვიდჯერ შემცირება სიკვდილიანობისა მეტყველებს იმაზე, რომ დღეს პენიტენციურ სისტემაში ყურადღება პატიმრების ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოებისკენ არის უაღრესად მაღალ დონეზე. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი რესურსები, პირველ ყოვლისა ეს არის სამედიცინო პერსონალი. ამ წუთის მდგომარეობით ჩვენთან არის, დაახლოებით, 500 შესაბამისი თანამშრომელი. ეს რაოდენობა ვიცით, რომ შეიძლება არ იყოს ბოლომდე საკმარისი, ამიტომ მიმდინარეობს აქტიურად მუშაობა იმაზე, რომ დაემატოს სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და გარკვეული სამედიცინო სერვისებით კიდევ უფრო მეტად იყვნენ უზრუნველყოფილი პატიმრები. ვიტყვი ასევე იმასაც, რომ მოქმედებს პირველადი ჯანმრთელობის დაცვის მოდელი პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეულ პენიტენციურ დაწესებულებებში არის სამედიცინო პუნქტი და, ამდენად, პირველადი რეაგირება, თუ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, ხორციელდება სწორედ ამ პუნქტში. თუ არ არის საკმარისი ის სამედიცინო მომსახურება, რომელიც შეიძლება, პატიმარს მიეწოდოს ადგილზე უკვე შემდგომ ხდება მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა და არის მესამე ალტერნატივა – როდესაც ხდება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში პატიმრის გადაყვანა. ამაზე მინდა გითხრათ, რომ საანგარიშო პერიოდში, ანუ, 2021 წელს 5 502 პატიმარი იყო გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, ხოლო მიმდინარე წელს 4 000-მდე პატიმრის გადაყვანა მოხდა. ეს გულისხმობს, იმას რომ პატიმრები არიან აბსოლუტურად უზრუნველყოფილი შესაბამისი სერვისებით, რაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხება. ასევე, შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენს დაწესებულებებში არის არაერთი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უკავშირდება, მაგალითად, „ც ჰეპატიტის“ ელიმინაციას, ტუბერკულოზთან გამკლავებასა და მართვას, რომელიც უკავშირდება აივ ინფექციის მკურნალობას და ა.შ.” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თორნიკე ჭეიშვილმა პატიმრების კვების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატიმრები სრულფასოვანი კვებით არიან უზრუნველყოფილნი.
„მინდა, ყურადღება გავამახვილო პატიმართა კვების საკითხზე, რომელიც პირდაპირ არის კავშირში მათ ჯანმრთელობასთან. რომ ავიღოთ ერთ პატიმარზე გაკეთებული დანახარჯი, ანუ თანხა, რომელიც არის კვებაზე გამოყოფილი, 40 პროცენტით აღემატება გასული წლების მაჩვენებელს. გასულ წლებში ვგულისხმობ 2015-2019 წლების მაჩვენებელს. დავამატებ იმასაც, რომ არის 50-მდე სხვადასხვა მენიუ პატიმართა რაციონში, რომელიც განაპირობებს იმას, რომ ისინი იყვნენ შესაბამისი სრულფასოვანი კვებით უზრუნველყოფილი“ – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.