ტონინო პიცულა - უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება არის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანი
ევროკავშირის საბჭოს შეთანხმება უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება არის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანი, – ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროდეპუტატმა ტონინო პიცულამ განაცხადა, რომელიც არის მომხსენებელი ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგიის საკითხზე.
როგორც ტონინო პიცულამ გამოსვლაში აღნიშნა, თითოეული ქვეყანა საკუთარი დამსახურებით უნდა შეფასდეს.
„ევროკავშირის საბჭოს შეთანხმება უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება არის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანი. ამ გადაწყვეტილებით, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ოფიციალურად გავრცელდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე. ამიტომ ჩვენი შიდა ადმინისტრაციული სტრუქტურები და საგარეო ფინანსური ინსტრუმენტები საჭიროებს შესაბამის კორექტირებას. თითოეული ქვეყანა უნდა შეფასდეს საკუთარი დამსახურებით. ევროკავშირმა უნდა გადალახოს გაფართოების ჩიხი, რაც უნდა მოხდეს გაწევრიანების პროცესის, როგორც პოლიტიკური მიზნის, ასევე მეთოდოლოგიის მოდერნიზაციით. ამისთვის კი გვჭირდება ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია, რომელშიც მკაფიოდ გაიწერება პოლიტიკური ამოცანები, გატარდება საჭირო და დროული ინსტიტუციური რეფორმები. კანონის უზენაესობა უნდა იყოს პროცესის ცენტრალური ნაწილი. ჩვენ სტრატეგიულად უნდა გამოვიყენოთ მიზნობრივი, პირობებზე დაფუძნებული, მკაფიო ორიენტირები. ეს ნიშნავს რეფორმების დროულ წახალისებას, დროულ რეაქციას რეგრესზე და პროგრესის მუდმივ დანაკლისზე. ამავე კონტექსტში ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ გაწევრიანების პროცესში ჩართული ქვეყნების თანხვედრას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მეტს, ვიდრე მხოლოდ ევროკავშირის ფინანსური ფონდები და სატრანსპორტო დერეფნებია. ყველაზე მთავარია, რომ ის წარმოადგენს ღირებულებებისა და პრინციპების ერთობლიობას, რომელიც უნდა გაიზიარო და პატივი სცე“, – აღნიშნა მომხსენებელმა.
ევროპარლამენტში გამართულ დღევანდელ სხდომაზე ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია განიხილეს.