ტონინო პიცულა - კანდიდატ ქვეყნებში ჩვენ უნდა დავინახოთ გაწევრიანების საკითხზე პოლიტიკური კონსენსუსი, რაც იქნება პოლიტიკურ განსხვავებებზე მაღლა, თქვენი ადგილი ევროპაშია
თქვენს ქვეყნებში ჩვენ უნდა დავინახოთ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე პოლიტიკური კონსენსუსი, რაც იქნება პოლიტიკურ განსხვავებებზე მაღლა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტონინო პიცულამ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პიცულამ ევროპარლამენტში ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგიის შესახებ გამართული სხდომის დასასრულს აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანება ორმხრივი პროცესია და კანდიდატმა ქვეყნებმაც უნდა გადადგან საჭირო ნაბიჯები.
„უკრაინის გარდა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, ვხედავთ ქვეყნებში მუდმივ პოლიტიკურ კრიზისებს და გარე ჩარევებს. ჩვენ კი გვჭირდება კარგი ამბები, თანამშრომლობისა და განვითარების პოზიტიური მაგალითები. უნდა დავინახოთ, რომ კანდიდატი ქვეყნები მიჰყვებიან ჩვენს ღირებულებებს და პრინციპებს. მეტიც, ჩვენ უნდა დავინახოთ პოლიტიკური კონსენსუსი თქვენს ქვეყნებში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, რაც იქნება პოლიტიკურ განსხვავებებზე მაღლა. ევროპული მომავალი არის ის, რასაც თქვენი მოქალაქეები მხარს უჭერენ და იმსახურებენ. თქვენი ადგილი ევროპაშია“, – განაცხადა ევროდეპუტატმა.