ტონი ბლერი - უკრაინის ომმა აჩვენა, რომ დასავლეთის დომინირება სრულდება ჩინეთის აღზევების ფონზე
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის განცხადებით, უკრაინის ომმა აჩვენა, რომ დასავლეთის დომინირება სრულდება ჩინეთის აღზევების ფონზე.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ბლერმა ლონდონში ერთ-ერთ საგანმანათლებლო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ვუახლოვდებით დასავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური დომინირების დასასრულს. მსოფლიო იქნება სულ მცირე ბიპოლარული და შესაძლოა, მრავალპოლარული. ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები მოხდება ჩინეთის მხრიდან და არა რუსეთიდან“, – განაცხადა ბლერმა.
ბლერის თქმით, მსოფლიო გარდამტეხ მომენტში იმყოფება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასასრულის ან საბჭოთა კავშირის დაშლის მსგავსია, თუმცა ამჯერად აშკარაა, რომ დასავლეთი არ არის შესაბამის გავლენის მქონე. მისი განცხადებით, უკრაინის ომმა აჩვენა, რომ დასავლეთი ვერ დაეყრდნობა ჩინეთს, რომლის ქცევა არ იქნება ისეთი რაციონალური, როგორსაც დასავლეთი მიიჩნევს.
ტონი ბლერი თვლის, რომ ჩინეთი საბჭოთა კავშირი არ არის და ჩინეთის სუპერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ბუნებრივი და გამართლებულია. მისი თქმით, დასავლეთმა არ უნდა მისცეს ჩინეთს სამხედრო კუთხით დაწინაურების საშუალება.
„ჩვენ უნდა გავზარდოთ სამხედრო ხარჯები და შევინარჩუნოთ სამხედრო უპირატესობა. აშშ-სა და მის მოკავშირეებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი უპირატესობა, ყველა მხარეში ნებისმიერი კონფლიქტის აღმოცენების შემთხვევაში“, – განაცხადა ბლერმა.