ტომისლავ მომიროვიჩი - სერბეთი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კარგი პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს, უნდა ავაშენოთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები
დიდი პრივილეგიაა თბილისში, საქართველოში ყოფნა. საქართველოს მთავრობას გასული წლების განმავლობაში დაუჯერებელი ეკონომიკური მიღწევები აქვს, სწორედ ამიტომ იმყოფება დღეს აქ ამდენი მთავრობის წარმომადგენელი, პრემიერ-მინისტრები, მინისტრები, დღევანდელი ფორუმი შთამბეჭდავია, – ამის შესახებ სერბეთის ვაჭრობის მინისტრმა, ტომისლავ მომიროვიჩმა თბილისში განაცხადა, სადაც „აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს.
ტომისლავ მომიროვიჩის თქმით, სერბეთმა და საქართველომ უნდა ააშენონ თავიანთი ეკონომიკური ურთიერთობები.
„სერბეთი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ტრადიციულად კარგი პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს. სერბეთი პატივს სცემს და აქვს თბილი ურთიერთობები საქართველოს მოსახლეობასთან, მაგრამ ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველოს კომპანიები წარმოდგენილი იყოს სერბეთში და სერბული კომპანიები – საქართველოში. მექნება სხვადასხვა შეხვედრა. ახლა ეს ყველაზე საინტერესო ადგილია ევროპაში. ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ ერთად მივაღწევთ შთამბეჭდავ ეკონომიკურ შედეგებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ საქართველო იყოს „აბრეშუმის გზის ინიციატივის“ დამკვირვებელი. სერბეთის მთავრობის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად ჩამოვლენ საქართველოში. ჩვენი მიდგომა მარტივია: სახელმწიფო ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, თავისუფალი ვაჭრობა და კერძო სექტორის დახმარება. ჩვენ საშუალება უნდა მივცეთ კერძო სექტორს, გაზარდოს ინვესტიციები სხვადასხვა ქვეყანაში. პატარა ქვეყნებში, როგორებიცაა სერბეთი და საქართველო, ლიბერალური მიდგომა უნდა გვქონდეს. უნდა გავხსნათ ბაზრები“, – განაცხადა მინისტრმა.
სერბეთის ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, სერბეთმა და საქართველომ უნდა იბრძოლონ უკეთესი მომავლისთვის.
„საქართველოს და სერბეთს გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის გამოწვევები. საქართველო მხარს უჭერს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ პატარა ქვეყნები ვართ, უნდა ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის. გვაქვს მსგავსი გზები. რა თქმა უნდა, ევროპა მთავარი პარტნიორია, მაგრამ არა – ერთადერთი პარტნიორი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ჩვენი ხალხებისთვის. ჩვენ უნდა ავაშენოთ ეკონომიკა, სწორედ ამიტომ ვარ აქ“, – განაცხადა სერბეთის ვაჭრობის მინისტრმა.