თომას მარკერტი - საქართველომ ნამდვილად გადადგა ნაბიჯი სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიისკენ
საქართველოს აქვს ძალიან კარგი კონსტიტუცია, რომელიც ვენეციის კომისიასთან ძალიან კარგ თანამშრომლობას ეფუძნება, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა განაცხადა.
„ძალიან მოხარული ვარ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ახლა საქართველომ ნამდვილად გადადგა ნაბიჯი სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიისკენ. თქვენ გაქვთ ძალიან კარგი კონსტიტუცია, რომელიც ეფუძნება ვენეციის კომისიასთან ძალიან კარგ თანამშრომლობას“,- განაცხადა მარკერტმა.
მისი თქმით, საქართველომ სრულფასოვან საპარლამენტო სისტემად გარდაქმნა დაასრულა და ეს არის გრძელვადიანი საფუძველი დემოკრატიული განვითარებისთვის.
„როგორც იცით, ჩვენ ვწუხვართ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ვერ მოხდება 2020 წელს და მოხდება 2024 წელს. ეს იყო დაბრკოლება საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან კონსენსუსის მისაღწევად. თუმცა, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ რეფორმის შედეგით“,- განაცხადა თომას მარკერტმა.
ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა იმსახურებს დადებით შეფასებას, რადგან იგი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო სისტემისკენ და წარმოადგენს დადებით ნაბიჯს კონსოლიდაციისა და ქვეყნის საკონსტიტუციო წყობის გაუმჯობესებისკენ.