რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე. ამ თარიღთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები გააკეთეს როგორც ევროპაში, ისე აშშ-შიც. საქართველოს პარტნიორებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება. 12 წლის წინ, აგვიტოს ომის ცხელ ფაზაში, საქართველოში იმყოფებოდნენ პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, უკრაინისა და ესტონეთის ლიდერები.
ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთ მათგანს, ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესს.
რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 12 წელი გავიდა. თქვენი აზრით, რა შეიცვალა?
რუსეთი თავის საქმეს აგრძელებს. სამწუხაროდ ხალხი, რომლებმაც არასათანადოდ მკაცრი პასუხი გასცა რუსეთს საქართველოში შეჭრის გამო, მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ გამოფხიზლდა, როდესაც იგივე მოხდა უკრაინაში. ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინი აგრძელებს მუქარას და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. რაც ყველაზე მეტად არ მომწონს, არის ის, რომ 2008 წლის მოვლენებზე დასავლეთის პასუხის შემდეგ, ჩვენ მოსკოვთან ურთიერთობების გადატვირთვა ვცადეთ. პუტინმა კი, ეს სათავისოდ გამოიყენა და ყირიმში შეიჭრა. ახლა ჩვენ ვხედავთ, ტრამპის ადმინისტრაციისა და ტრამპის მოწინააღმდეგეების მხრიდან მცდელობას, მშვიდობა დაამყარონ რუსეთთან. პუტინი ამ შემთხვევაში მოგებულია.
რას ფიქრობთ, შეუძლია თუ არა დღეს ევროპას, კერძოდ კი საფრანგეთს, აიძულოს რუსეთი, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოში გაფორმებული შეთანხმება, რომლსაც საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით მოეწერა ხელი?
საფრანგეთმა, კერძოდ კი სარკოზიმ მაშინვე გიღალატათ. ის ამბობდა, რომ რუსეთთან ურთიერთობები გაიყინება და ასე იქნება, ვიდრე რუსეთის ჯარი უკან არ დაიხევს. ერთი თვის შემდეგ კი ევროკავშირის სამიტზე გაახმოვანა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა და სწორედ სარკოზი იყო, ვინც გამოვიდა ამ შეხვედრიდან და თქვა – მადლობა ღმერთს, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვა. ასე რომ, სარკოზის ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია. მან გააფორმა შეთანხმება, რომელიც ერთი თვის შემდეგ თავად მიატოვა. ახლა პრეზიდენტ მაკრონისგან გვესემის განცხადებები რუსეთის მიმართ, რადგან მას მიაჩნია, რომ დასავლეთის რუსეთი ჩინეთთან გასამკლავებლად სჭირდება. ასევე, ვერ ვიტყოდი, რომ აღფრთოვანებული ვარ ამ საკითხისადმი ევროკავშირის ან ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომით. ვფიქრობ, თუ ჯო ბაიდენს აირჩევენ და კვლავ ვიხილავთ აშშ-ის ტრანსატლანტიკურ ლიდერობას, მაშინ შესაძლოა, წინ წავიწიოთ. მაგრამ ცხადია, რომ დასავლეთმა ძალიან ცოტა გააკეთა საქართველოს საკითხების გადასაჭრელად. გამონაკლისი არის ბალტიისპირელი ხალხი. ბალტიისპირეთი ერთადერთია, ვინც ნატო-სა და ევროკავშირში თანმიმდევრულად საუბრობს საქართველოს საკითხზე.
2008 წლის ომის პერიოდში თქვენ იმყოფებოდით საქართველოში. შეგიძლიათ გაიხსენოთ ეს ვიზიტი?
საქართველოში ჩამოსვლა დიდი თავისტკივილი იყო. მე ლატვიის პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩავედი ვარშავაში. შემდეგ პოლონეთის პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავით გავფრინდით უკრაინაში და წამოვიყვანეთ პრეზიდენტი იუშენკო. შემდეგ დაიწყო პრობლემები. გვითხრეს, რომ რუსეთი საქართველოს საჰაერო სივრცეში უსაფრთხოდ შესვლის უფლებას არ გვაძლევდა. ამიტომ, მოგვიწია აზერბაიჯანში, კერძოდ განჯაში ჩაფრენა, სადაც გვიანი ღამე ჩავედით. საქართველოს საზღვრამდე კი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევის მიერ გამოყოფილი მანქანებით მივედით. გზაში მანქანების ფარები ჩამქრალი იყო და ასე გადავაადგილდებოდით, რადგან არსებობდა საფრთხე, თუ რუსები შეამჩნევდნენ მანქანების კორტეჟს, ცეცხლს გახსნიდნენ. მოგზაურობა გვიან ღამით რუსთაველის მოედანზე დასრულდა, პარლამენტის წინ. საოცარი იყო ამდენი ხალხის ნახვა და ასევე ცხადი იყო, რომ ხალხს სჭირდებოდათ ემოციური მხარდაჭერა. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანიც – გვეჩვენებინა, რომ თქვენ არ დაგივიწყეს.
დავუბრუნდეთ ევროპას, როგორ ფიქრობთ, დღევანდელ ევროპას ჰყავს ძლიერი ლიდერები, რომლებიც რუსეთს პასუხს მოსთხოვენ?
დღეს ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ევროპაში არსებობენ ძლიერი ლიდერები. ევროპას დღეს საკუთარი პრობლემების გადასაჭრელადაც კი აკლია ძლიერი ლიდერები. დამწუხრებული ვარ ევროკავშირის დღევანდელი საგარეო პოლიტიკით და დარწმუნებული არ ვარ, რომ ევროკავშირი საერთოდ აცნობიერებს, რა საგარეო პოლიტიკას ატარებს და საით მიდის. ამის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ ევროკავშირის წევრ დიდი სახელმწიფოებს, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, იტალია, არ სურთ საკუთარი საგარეო პოლიტიკური ინტერესების დათმობა და ამ საკითხების ევროკავშირისთვის გადაბარება. ამიტომაცაა, რომ ევროპაში მუდმივად სახეზეა ლიდერობის ნაკლებობა. აქვე ვიტყოდი, რომ სიტუაცია შედარებით გამოსწორდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ უწყებას ჟოზეფ ბორელი ჩაუდგა სათავეში. მის წინამორბედ ფედერიკა მოგერინის საერთოდ არ სურდა რუსეთის კრიტიკა. თანამდებობაზე ყოფნის 5-წლიან პერიოდში, ის უკრაინას მხოლოდ ორჯერ ეწვია. ამ დროს კი უკრაინაში, რომელსაც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან აქვს საზღვარი, ომია.
და ბოლოს, რას ურჩევდით საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე?
საქართველომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს ევროპეიზაციისთვის. საქართველოში ძალიან ბევრი შიდა დაპირისპირებაა. ეს სიტუაცია კი მხოლოდ იმ ძალებს აწყობთ ევროპაში, ვინც ამბობს, რომ ევროპას საქართველოს საკითხი არ უნდა აწუხებდეს. როდესაც ესტონეთს სურდა ევროკავშირში შესვლა, ჩვენთვისაც გადამწყვეტი იყო სტაბილურობის შენარჩუნება და ისეთი ქმედებებისგან თავის შეკავება, რომელიც ამ პროცესს შეაფერხებდა. ვფიქრობ, საქართველომაც იგივე უნდა გააკეთოს, რადგან არსებობს დიდი საფრთხე, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან გაქრება. ცხადია, საქართველომ უფრო მეტი გააკეთა და მეტს მიაღწია, ვიდრე მეზობლებმა, მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც უკრაინის თემის განხილვაც კი არ სურს, არათუ საქართველოსი, რომელიც ევროკავშირისგან ფიზიკურად უფრო შორს მდებარეობს. ამიტომ საჭიროა მეტი ძალისხმევა. ჩემი აზრით, 2008 წელს რუსეთმა მიაღწია იმას, რაც სურდა. ეს იყო ტერიტორიების ოკუპაცია. ეს, რა თქმა უნდა, ართულებს საქართველოს ნატო-სთან დაახლოებას და სწორედ ეს სურდა რუსეთს. ამიტომ, ახლა საჭიროა მეტი პოლიტიკური და დიპლომატიური აქტიურობა.