ტომას ჰენდრიკ ილვესი - რომ გვცოდნოდა, პუტინი კრემლში 2030 წლამდე დარჩებოდა, შესაძლოა, ქართველებისა და უკრაინელებისთვის 2008 წელს გვეთქვა, რომ ნატო-ში ვიღებთ
2008 წელს პუტინი უკვე რვა წლის განმავლობაში მართავდა რუსეთს, მაშინ რომ გვცოდნოდა, ის კრემლში 2022 წლამდე დარჩებოდა, უფრო მეტიც, 2030 წლამდე, შესაძლოა, მაშინ გვეთქვა ქართველებისა და უკრაინელებისთვის, რომ მათ ნატო-ში ვიღებთ, – ამის შესახებ ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჰენდრიკ ილვესი 2008 წლის ბუქარესტის სამიტს იხსენებს.
„პუტინმა ბუშს უთხრა, „უკრაინა – ეს არ არის სახელმწიფო. ბუშზე ამან ძალიან იმოქმედა, მახსოვს ყველას ამას უყვებოდა. მაგრამ გადაწყვეტილება, უკრაინისთვის და საქართველოსთვის არ გაგვეღო წევრობის კარი, მიიღო უბრალოდ ანგელა მერკელმა და ნიკოლა სარკოზიმ, რომლებმაც თქვეს – არა. მახსოვს, განსვენებული პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი აღელდა და გერმანიის დელეგაციასთან იკამათა ამაზე. ამის შემდეგ ყველასთვის ცნობილი კომპრომისი შემუშავდა – გაიცა პირობა ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, მაგრამ არ უთქვამთ კონკრეტული თარიღები. ამ გადაწყვეტილებამ პუტინს მწვანე შუქი აუნთო უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში ნებისმიერი ქმედების ჩადენისთვის“, – განაცხადა ილვესმა.