თომას ჰაკერი - თბილისში შეხვედრებზე ვსაუბრობთ 12 რეკომენდაციაზე, გვსურს, ვნახოთ, რა პროგრესს მიაღწიეს საქართველოში, გვინდა, დაგეხმაროთ, რომ ქვეყანა გახდეს ევროპული საზოგადოების წევრი
გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრის, თომას ჰაკერის განცხადებით, თბილისში გამართულ შეხვედრებზე საუბარი ეხება 12 რეკომენდაციას, თუ რა პროგრესი არის მიღწეული ამ მიმართულებით.
„გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციით ვართ ჩამოსული თბილისში. რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ 12 რეკომენდაციაზე და გვინდა, ვნახოთ, რა პროგრესს მიაღწიეს აქ, საქართველოში და გვინდა, დავეხმაროთ ყოველმხრივ, რომ ქვეყანა გახდეს ევროპული საზოგადოების წევრი. წელს მოგვიანებით გადაწყვეტილება იქნება ბრიუსელისგან და ჩვენ აქ ვიმყოფებით, რომ ეს შევამოწმოთ. შეხვედრები გვაქვს პარლამენტისა და კომიტეტის თავმჯდომარეებთან, ასევე კოლეგებთან პარლამენტიდან“, – განაცხადა თომას ჰაკერმა.
მისივე თქმით, ასევე შეხვედრას გამართავენ იუსტიციის მინისტრთან და ამ შეხვედრაზე ნიკა გვარამიას საკითხზეც იქნება საუბარი.
„შევხვდებით იუსტიციის მინისტრს რეფორმებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ მე არ მომცეს ნება, მომენახულებინა ციხეში ნიკა გვარამია და იუსტიციის მინისტრთან ამ საკითხზეც ვისაუბრებთ. ევროპარლამენტი და გერმანიის ბუნდესტაგი მის პატიმრობას უფრო პოლიტიკური მიზეზებით განპირობებულად განიხილავს, ვიდრე სხვა მიზეზების გამო და ეს მედიათავისუფლების ნაწილია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს პლურალისტური საზოგადოების, პლურალისტური სახელმწიფოსკენ გზაზე და მედიათავისუფლება ერთ-ერთი მთავარი საკითხია 12 რეკომენდაციიდან“, – აღნიშნა გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრმა, თომას ჰაკერმა.