თომას ბახი - მივესალმებით ინიციატივებს, რომლებიც საქართველოში ოლიმპიური ღირებულებების პოპულარიზაციას ემსახურება
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შთამბეჭდავად აფასებს პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდში სპორტის განვითარების კუთხით მიაღწია, – ამის შესახებ თომას ბახმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ლოზანაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტში ამ წუთებში მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ასევე დადებითად შეაფასა პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ინიციატივები, როლებიც სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა, რათა განვიხილოთ სამომავლო გეგმები და პროექტები. მივესალმებით თქვენს ინიციატივებს, რომლებიც საქართველოში სპორტისა და ოლიმპიური ღირებულებების პოპულარიზაციას ემსახურება. ჩვენთვის ძალიან შთამბეჭდავია ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენს ქვეყანაში განხორციელებული აქტივობები. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დაინტერესებულია სპორტის განვითარებით და ამ პროცესში ჩვენ მხარს ვუჭერთ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს, მათ შორის საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს”, – განაცხადა თომას ბახმა.