ტოკიოში ქართული კინოს ფესტივალი გაიხსნა
ტოკიოში ქართული კინოს ფესტივალი გაიხსნა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისა და ქართული კინოს 110 წლის იუბილის პატივსაცემად, იაპონიაში ქართული კინოს ფესტივალი გაიხსნა.

რეტროსპექტივა ტოკიოში მდებარე კინოთეატრ „ივანამი-ჰოლში“ 26 ოქტომბრამდე გაიმართება, სადაც ნაჩვენები იქნება შემდეგი ქართული ფილმები: „ჩემი ბებია“, „ჯიმ შვანთე“, „ქეთო და კოტე“, „ფიროსმანი“, „დიდი მწვანე ველი“, „დედუნა“, „სუსა“, „გაიღიმეთ“, „შემთხვევითი პაემნები“, „სხვისი სახლი“, „დედე“, „ხიბულა“, „აღსარება“, „მზის ქალაქი“, „საშიში დედა“, „ანარეკლი“, „მეიდანი – სამყაროს ჭიპი“.

იაპონიაში ქართული კინოს ფესტივალის მოწყობის იდეა კინოთეატრ „ივანამი-ჰოლის“ თანამშრომელს, ტაკეჰიდე ჰარადას ეკუთვნის. ჰარადა 40 წლის წინ გიორგი შენგელაიას ფილმით „ფიროსმანი“ მოიხიბლა და ქართული კინემატოგრაფის უკეთ გასაცნობად საქართველოსაც კი ეწვია. ამჟამად იგი 65 წლისაა და სურს, სამსახურიდან წასვლამდე იაპონელ მაყურებელს ქართული კინო გააცნოს.

2018 წელს ტაკეჰიდე ჰარადამ ქართული კინოსა და თეატრის შესახებ წიგნი გამოსცა, რამდენიმე თვის წინ კი, ჰარადას ილუსტრაციებითა და იასუჰირო კოჯიმას თარგმანით იაპონურ ენაზე ვაჟა-ფშაველას პოემებისა და მოთხრობების კრებულიც გამოიცა.