ტოკიოში ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა მიმდინარეობს
ტოკიოში ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა მიმდინარეობს

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საგამოფენო ცენტრ „ტერადა ვეარჰაუზში“ გამოფენა  „საქართველო – ღვინის სამშობლო“  დამთვალიერებლებისთვის დღეიდან ღიაა.

ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.

„გამოფენა დამთვალიერებლებისთვის დღეიდან ღიაა. 15 მარტს გაიმართება საზეიმო გახსნა, რომელსაც საქართველოსა და იაპონიის მთავრობების წარმომადგენლები დაესწრებიან. გამოფენამ პირველივე დღეს დამთვალიერებლების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ არა მხოლოდ ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას, არამედ ზოგადად მიიღონ ინფორმაცია საქართველოს შესახებ, რაც იაპონიაში გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება.

ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია 7 მაისამდე გაგრძელდება.