ტოკიოს ოლიმპიადის ოფიციალური პარტნიორი თამაშების გაუქმებას ითხოვს #1TVSPORT
იაპონურმა გაზეთმა Asahi Shimbun-მა, რომელიც 2020 წლის ზაფხულის თამაშების ოფიციალური პარტნიორია, იაპონიის მთავრობას ოლიმპიადის გაუქმებისკენ მოუწოდა.
გაზეთში დაიბეჭდა სტატია ასეთი სათაურით: „პრემიერმინისტრო სუგა, გთხოვთ, გააუქმეთ ამ ზაფხულს ოლიმპიადა“.
გამოცემა გამოდის გაფრთხილებით, რომ ოლიმპიური თამაშები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და დამატებით დატვირთვას წარმოადგენს ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურისთვის, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს შეაჩეროს კორონავირუსის მორიგი ტალღა.
რედაქცია მოუწოდებს სუგას, „მშვიდად და ობიექტურად შეაფასოს სიტუაცია და მიიღოს გადაწყვეტილება ოლიმპიადის გაუქმების შესახებ“.
ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, იაპონიის მაცხოვრებელთა უმრავლესობა ოლიმპიადის გაუქმებას ან გადატანას უჭერს მხარს.
ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.