ნორვეგიულმა პრესამ მიანიშნა, რომ რუსეთი ტოკიოს ოლიმპიადაზე დოპინგს იყენებდა #1TVSPORT
ნორვეგიულმა პრესამ მიანიშნა, რომ რუსეთი ტოკიოს ოლიმპიადაზე დოპინგს იყენებდა #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიადაზე რუსეთის ნაკრები ქვეყნის ოლიპიური კომიტეტის დროშით გამოდიოდა, რუსი სპორტსმენების გამარჯვების შემთხვევაში კი დაჯილდოვების ცერემონიისას რუსეთის ჰიმნის ნაცვლად, ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტის ფრაგმენტი ჟღერდა. ამის მიზეზია სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს შარშანდელი გადაწყვეტილება, რომელიც ყველა დიდ საერთაშორისო ტურნირზე 2022 წლის 16 დეკემბრამდე ვრცელდება.

ამ გადაწყვეტილებას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ტოკიოს ოლიმპიადის დროს უკმაყოფილება გამოთქვეს ამერიკელმა მოცურავეებმა, რომლებმაც პირდაპირ განაცხადეს, რომ „რუსეთი ტოკიოში არ უნდა იყოს“. ახლა კი გააქტიურდა ნორვეგიული პრესა, კერძოდ, გამოცემა Dagbladet-ის ცნობილი ჟურნალისტი ესტენ სეტერი.

„რუსეთის მიერ სახელმწიფო დონეზე ორგანიზებული ოლიმპიური თაღლითობის მხილებიდან ხუთი წელი გავიდა. ეს იყო მსოფლიო სპორტის მისწრაფება – ბოლო მოეღო ამ ტყუილისთვის. მაგრამ, საბოლოოდ, ის მივიღეთ, რომ რუსები დასცინიან საერთაშორისო სანქციებს.

რუსეთის ხელისუფლების ბევრი წარმომადგენლისთვის საერთაშორისო ელიტური სპორტი დღემდე წარმოადგენს პატრიოტულ ომს, რომელშიც ყველა ხერხი ნებადართულია. ბოლო ათწლეულია, რუსეთი მუდმივად არღვევს საერთაშორისო სპორტის წესებს. ის ატყუებს მოწინააღმდეგეებს. ხშირად, ტყუილი პირდაპირ რუსეთის სახელმწიფოსგან მოდის, რადგან რუსული ხელისუფლება პოლიტიკური მიზეზებით უარს ამბობს ეროვნული უკულტურობის დასრულებაზე.

ჯერ არ ვიცით, რა ეფექტი ექნება რუსების წარმატებას ამ ოლიმპიადაზე. ერთადერთი, რაც ცნობილია: მსოფლიო მძლეოსნობამ თავისი ხისტი მოქმედებით მიაღწია იმას, რომ რუსულ მძლეოსნობაში უკეთესობა შეინიშნება. სპორტის სხვა სახეობებში კი, სადაც რუსები იმარჯვებენ, დოპინგის ახალ ტესტებს უნდა დაველოდოთ. შედეგები შეიძლება ძალიან უსიამოვნო იყოს“, – დაწერა სეტერმა.

ის. რომ რუსები, შესაძლოა, ტოკიოში მედლებს არაპატიოსანი გზით მოიპოვებდნენ, ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტოს პრეზიდენტმა ტრევის ტაიგარტმაც ივარაუდა, რომელმაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან რუსი სპორტსმენების დოპინგ-ტესტების გამოქვეყნება მოითხოვა.