ტოკიოს ოლიმპიადის ჩირაღდნის ესტაფეტა ცნობილი ადამიანების გარეშე ჩაივლის
იაპონიის მთავრობა ტოკიოს ოლიმპიადის ჩირაღდნის ესტაფეტის დაგეგმვისას შეზღუდვების შემოღებას განიხილავს – კორნოავირუსის პროფილაქტიკიდან გამომდინარე, შეიძლება უარი თქვან ესტაფეტაში ცნობილი ადამიანების გამოყენებაზე. ამის შესახებ დაწერა სააგენტო Kyodo-მ.
ამ ნაბიჯით მთავრობას სურს, შეამციროს დიდი რაოდენობით მაყურებლების შეკრება იმ ადგილებში, სადაც ოლიმპიადის ჩირაღდანს ჩაატარებენ. ამით ისინი თავიდან აიცილებენ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის რისკს თამაშების წინ და მისი მსვლელობის დროს.
მთავრობა ასევე განიხილავს საკითხს – აუკრძალონ ოლიმპიადის სპონსორებს მაყურებლებისთვის თავიანთი პროდუქციისა და ატრიბუტიკის დარიგება. ერთადერთი დათმობა, რაზეც შეიძლება მთავრობა წავიდეს, ოლიმპიადების ყოფილი მონაწილეების მოზიდვაა, მაგრამ უსაფრთხოების სრული წესების დაცვით.
ამასთან, მთავარობის ამგვარმა პოლიტიკამ, შესაძლოა, კრიტიკა გამოიწვიოს სპონსორების მხრიდან, რომლებსაც ისედაც სერიოზული ფინანსური დანაკარგები აქვთ ოლიმპიადის ერთი წლით გადატანის გამო.
ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის სტარტი დაგეგმილია 2021 წლის 25 მარტს, ფუკუსიმას პრეფექტურიდან. ესტაფეტი 121 დღე გაგრძელდება და ოლიმპიური ცეცხლი ქვეყნის 47-ივე პრეფექტურას მოივლის.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩატარება 2021 წელს 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იგეგმება.