არ არსებობს ისეთი სცენარი, რომლის მიხედვითაც 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიადა შეიძლება გაუქმდეს. ასეთი აზრი გამოთქვა ტოკიოს გუბერნატორმა იურიკო კოიკემ.
კოიკე დარწმუნებულია, რომ ტოკიოში თამაშების ჩატარების გამოცდილება გავლენას იქონიებს მომავალ დიდ სპორტულ ფორუმებზე – პეკინში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე და პარიზში 2024 წლის ზაფხული ოლიმპიადაზე. გუბერნატორმა აღიარა, რომ იაპონელთა უმრავლესობა წინააღმდეგია მომავალ წელს ტოკიოში თამაშების ჩატარების, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ეს განწყობა შეიძლება შეიცვალოს. „იაპონიის საზოგადოება და ტოკიოს მოსახლეობა ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენათა განვითარებას“, – თქვა კოიკემ.
მომავალი ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი და იაპონიის მთავრობა გამორიცხავს თამაშების კიდევ ერთხელ გადადებას. კოიკემ განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი გარემოება, რამაც შეიძლება გააუქმოს თამაშების ჩატარება. „მსოფლიოს მოქალაქეები განიხილავენ ტოკიოს ოლიპიადას, როგორც სიმბოლოს იმისა, რომ კაცობრიობა დაამარცხებს კორონავირუსს. თუ ტოკიო არ მოიმოქმედებს ყველაფერს კორონავირუსის წინააღმდეგ, მაშინ რა შეიძლება დაემართოს პარიზს ოთხი წლის შემდეგ? ვფიქრობ, ჩვენ წარმატებით უნდა ჩავატაროთ ტოკიოს ოლიმპიადა და ამას სერიოზული გავლენა ექნება პარიზის მომავალ თამაშებზე“, – თქვა გუბერნატორმა.
ტოკიოს ოლიმპიადა 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გამართულიყო. კორონავირუსის პანდემიის გამო, თამაშები ერთი წლით გადაიტანეს და ის 2021 წელს, 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.