ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა ორი 500-იენიანი სამახსოვრო მონეტის (4.68 აშშ დოლარი) დიზაინი შეარჩიეს.
იაპონიის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთა განმარტებით, ნამუშევრებზე ასახულია XVII საუკუნის მხატვრის, ტავარაია სოტაცუს შესრულებული ჭექა-ქუხილისა და ქარის ღმერთების – რაიჯინისა და ფუჯინის ილუსტრაციები, რომლებიც ქვეყნის საგანძურად არის აღიარებული.
იაპონიის ზარაფხანის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, შერჩეულმა ნამუშევრებმა ხმათა 43 პროცენტი მოაგროვა.
რაიჯინი – ჭექა-ქუხილის ღმერთი ამოტვიფრული იქნება ოლიმპიურ მონეტაზე, ხოლო ფუჯინი – ქარის ღმერთი, პარაოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილ მონეტაზე იქნება ასახული.
500-იენიანი მონეტები იაპონიაში 2020 წლის ივლისიდან გაიყიდება.