ტოკიო 2020 | ამერიკელმა და კანადელმა მოცურავეებმა რუსეთს სახელმწიფო დოპინგ-სისტემა შეახსენეს #1TVSPORT
მამაკაცებს შორის 200 მეტრზე გულაღმა ცურვის ფინალის შემდეგ, სკანდალური განცხადებები გააკეთეს ამერიკელმა და ბრიტანელმა პრიზიორებმა – რაიან მერფიმ და ლუკ გრინბენკმა. მათ მიანიშნეს რუსეთში დოპინგ-სკანდალის შესახებ.
ამ დისტანციაზე პირველი ადგილი რუსმა მოცურავემ ევგენი რილოვმა ოლიმპიური რეკორდით გაიმარჯვა.
„ჩემთვის ეს უდიდესი ფსიქოლოგიური დატვირთვაა, რადგან ეს ბრძოლა, სავარაუდოდ, სუფთა არ არის. ეს განწყობასა და ხასიათს მიფუჭებს. ახლა ბევრი აზრი მიტრიალებს თავში და თუ მათ შესახებ ლაპარაკს დავიწყებ, უსიამოვნებები შემხვდება“, – განაცხადა მერფიმ ვერცხლის მედლის მიღების შემდეგ.
როგორც გაზეთი The Washington Post აღნიშნავს, მერფიმ არ დააზუსტა, რომელ სპორტსმენზე ან ქვეყანაზე ლაპარაკობს, თუმცა ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ 26 წლის ამერიკელმა იგულისხმა რუსეთთან დაკავშირებული დოპინგ-სკანდალი.
მერფის მხარი დაუჭირა გრინბენკმა. „ძალიან ნაღვლიანია იმის გაცნობიერება, რომ არსებობს სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული დოპინგ-პროგრამა და ამის წინააღმდეგ არაფერი კეთდება“, – თქვა ბრიტანელმა.
ცნობილი დოპინგ-სკანდალის შემდეგ, რუსი სპორტსმენები ტოკიოს თამაშებზე დროშისა და ჰიმნის გარეშე გამოდიან.